ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ვლადიმირის რეგიონში, IK-2-ში იხდის სასჯელს, განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ, ტერორიზმის მუხლით, სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა. "გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩემს წინააღმდეგ ტერორიზმზე ახალი საქმეა აღძრული", - ციტირებს რუსული მედია ნავალნის.
"აბსურდული ბრალდებები წამიყენეს, რაც 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუშინ გამომძიებელმა ვიდიუკოვმა თქვა, რომ ამ საქმისგან გამოყოფილია ტერორისტული საქმე, რომ მე ციხეში ყოფნისას ტერაქტებს ვაწყობ", - განაცხადა პოლიტიკოსმა მოსკოვის ბასმანის სასამართლოში ვიდეო ბმულით საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საქმე გამოყოფილია 2022 წლის ოქტომბერში ნავალნის წინააღმდეგ აღძრული "ექსტრემიზმის" საქმიდან. 26 აპრილს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ განიხილა გამოძიების შუამდგომლობა, რათა შეეზღუდა დრო, რომლის განმავლობაშიც ნავალნის შეეძლო გაცნობოდა ამ საქმის მასალებს. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის მოთხოვნით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შედეგად, ნავალნის მხოლოდ 10 დღე მიეცა "ექსტრემიზმის" შესახებ საქმის გასაცნობად, რომელსაც 196 ტომი აქვს.
"ამ პროცესის დახურვის მცდელობა არის საქმის მასალებზე ჩემი წვდომის უკანონო შეზღუდვის მცდელობა და იმის მცდელობა, რომ არავინ იცოდეს ამის შესახებ", - თქვა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც შეხვედრაში ვიდეო ბმულით მონაწილეობდა.
ნავალნიმ სოციალურ ქსელშიც განაცხადა, რომ ის ისევ იზოლატორში მოათავსეს და ამჯერად, წინა სასჯელის მოხდისთანავე.
ერთი დღით ადრე, ნავალნიმ თქვა, რომ კოლონიის სასადილოში თავად შეძენილი საკვების ჭამის უფლება არ მისცეს.