სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.

ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან მიმდინარეობდა და 12:00 საათამდე გაგრძელდა, გაფართოებული კრება კი, 13:00 საათზე დაიწყო.

საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი ესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.

სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.