მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვინია "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას აგრესია მის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად პარლამენტთან აქცია დააანონსა.
რა ხდება ქართულ პოლიტიკაში?
ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს სირცხვილი არ დაემართოს და არ დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე. უფრო დიდი სამარცხვინო ამბავი, საუკუნის არაფერი შეიძლება დაგვემართოს, ვიდრე რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა. ანუ გიპასუხებთ, რისთვის ვიბრძვით რომ როგორმე სტატუსი მივიღოთ.
ოპოზიციის ნაწილს არ უნდა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, თქვენ?
მე პირადად აჩემებული მაქვს ეს სტატუსი, იმიტომ რომ, მიღების შემთხვევაში, ძალაუნებურად მეტი პასუხისმგებლობა აქვს დასავლეთთან ხელისუფლებას, ის სამართლებრივი რეფორმები, რომლითაც უნდა მივუახლოვდეთ და შესრულდეს, არაფერს აკეთებენ.... მე რასაც ვხედავ, 12 პუნქტისთვის აბა რა კეთდება? განა სასამართლო რეფორმა ტარდება? ეს არ არის ჩატარება. კლანი ვერ დავძარით ადგილიდან, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ამბობენ, აი სტატუსი რომ მივიღოთ მანამდე თუ არ შესრულდა, ჯერ სასამართლო... არა! ყოველ მიზეზის გარეშე უნდა მივიღოთ სტატუსი, იმიტომ რომ უფრო იოლი იქნება სამართლებრივი რეფორმების გაკეთება. ასე ვხედავ ამ პროცესს. მივუახლოვდეთ დასავლეთს, ეს მინდა. დაცვის მექანიზმი უფრო მეტი ექნება პატარა ქვეყანას. არ მომწონს რაღაცები...
არ მოწოდებაში ხომ არ გულისხმობთ ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებას?
რა თქმა უნდა
დეპუტატი ხატია დეკანოიძე, რომელიც წინ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო. ამბობს, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში სისტემური დანაშაული იყო, თქვენც ასე ფიქრობთ?
იმ წამსვე ვცქვიტე ყურები, როდესაც ეს გავიგე საკანონმდებლო ორგანოში და ტელევიზიით. მაშინ იყო სისტემური დანაშაულებიო... ხომ იცით რომ არ მერიდება, ან ძალიან უტვინო ხარ ამას რომ ამბობს, ან არაკეთილსინდისიერი. თუ იყო სისტემური დანაშაულები, შენ იყავი იმ სისტემის მაღალჩინოსანი და თუ ხმას არ იღებდი, დანაშაულის ჩამდენი ხარ. სიჩუმე ასეთ დროს, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით გირგვლიანის... და ასე შემდეგ, შენ ჩუმად იყავი და 2023 წელს გამოაჩინე ეს ამბავი, ასე არ ხდება. ეს არა კეთილსინდისიერებაა და შენ ნაწილი იყავი. არის მეორე მხარე, საზარელი მხარე.
რას გულისხმობთ?
პრაქტიკულად, მაღალჩინოსნის მიერ მიცემული ჩვენება 2023 წელს, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ღიად მიცემული ჩვენება სამართლებრივად... შენ ამ დროს როგორ კადრულობ, როგორ, იწმენდს ყველა და იმ ერთ კაცს ახოცავენ?! ასე არ შეიძლება. წარმოუდგენელი ამბავი ეს. მოდი რა, თქვი, კეთილსინდისიერი იყავი. იმ ადამიანს (მიხეილ სააკაშვილი.რედ) უდიდესი სახელმწიფოებრივი საქმეები აქვს გაკეთებული. თორემ შეცდომებზე ვინ ლაპარაკობს თუ არა თამარ ჩარკვიანი, მაშინაც ოპოზიციაში ვიყავი და ახლაც ოპოზიციაში ვარ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ დამავიწყდა ეს უდიდესი სახელმწიფო ინსტიტუტების შენება. ასე არ შეიძლება, ამას ძალიან ცუდი საქციელი ჰქვია პოლიტიკაში. ასეთ ტიპებთან ომით ვერასდროს მოიგებ ბრძოლას. გამორიცხულია!
ანუ, საშიშია ასეთ ადამიანებთან ერთად ბრძოლა?
ეს არასანდოობაა... თუ შენ ასეთი განცხადებები შეგიძლია გააკეთო. ყოფილი პრეზიდენტის ფასი არ იცი და ახლა კიდევ ახალ საყრდენს ეძებ და მარტო საყრდენების მიხედვით ცხოვრობ. ასეთი ადამიანების მე პირადად მეშინია და არ ვენდობი პოლიტიკაში. ეს დაიწყო ნიკა მელიადან, ხატიათი არ დაწყებულა, ასე ვთქვათ, ხატიამ აუბა კუდი...
ჩემს მიმართ აგრესია წამოვიდა, როდესაც დავაანონსეთ აქცია, მივიტანეთ რუსთაველზე სცენა, გახმოვანება, ყველაფერი გავაკეთეთ, დავარეგისტრირეთ ოფიციალურად მოძრაობა, რომ მივშველებოდით სააკაშვილს. თავზე დაგვალეწა ის აქცია ნიკანორ მელიამ. თქვენ შეიძლება მკითხოთ, რა ძალაუფლება ჰქონდა მას? პარტია "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე იყო. მე არ ვიყავი არც წევრი, არც არაფერი. სპეციალურად გავაკეთე არა ჩემი პარტიის სახელით, ვიფიქრე, არ იეჭვიანონ ამათმა "კანონი და სამართლის" გამოჩენა და მოძრაობა გავაკეთეთ. მიშა კაპლანიდან დაწყებული, ჯაბა წულაძე, ძალიან "მიშისტები" , აი ეს ადამიანები, ვინც ახლა აქ დგანან, მიშაც მომხრები, უამრავი ადამიანი, ერთი ამბავი იყო ჩემთან ოფისში. მაშინ ნიკა მელიამ თქვა, არ მიხვიდეთ, ეს ჩვენი აქცია არ არის. ვიფიქრე, აქ რა ხდება? ჩვენი აქცია არ არის, ჩვენთვის ხომ არ კეთდებოდა ეს აქცია? კეთდებოდა მესამე პრეზიდენტისთვის.
მერე ციხესთან თქვა, რომ თაკო ჩარკვიანს მინდა ვუთხრა, "მიშაზე უფრო მაგარი მიშისტი ნუ იქნები". ამან სრულიად გამაოცა, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე ამბობს ამას.
ნიკა მელია ამბობდა, რომ საბჭოთა "კეგებეს" ანუ სუსის მეთოდებით აკეთებთ ყველაფერს. რას უპასუხებთ?
რა უნდა მექნა? გარდა იმისა რომ გავაკეთეთ მოძრაობა დავხმარებოდით, მიშას ოჯახი, ძმებიდან დაწყებული, გიორგი, დათო... აი, ადამიანები ვიყავით უბედნიერესები, რომ რაღაც კეთდებოდა. ეს ერთი, სიტყვა სუსი შოთა კვირაიას 98 წელს 2002 წლის ჩათვლით, განზრახ ვამბობ ამას, იმიტომ რომ 98 წელს სხვა რამე იყო, შოთა კვირაიას ოპერგამომძიებელმა, 98 წელს რომ იქნები გამომძიებელი და შემდეგ ადეიშვილის აღსრულების ბიუროს უფროსი, დღეს რომ თურმე შენთვის წითელი ხაზია ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი, პირველი - ნიკანორ მელია იყო ადეიშვილის დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე და ადეიშვილის აღსრულების ბიუროს უფროსი, რაიმეს ხომ არ ვიტყუები. ვერ ვიტან ცუღლუტობას.
რა არის ასეთი დაპირისპირების მიზეზი?
მე საპარლამენტო არჩევნებში რომ შემომთავაზეს სიაში შესვლა და არა ადგილობრივში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, უარი ვთქვი.
ჩვენ "ძალა ერთობის" დროს ვიდექით ერთად. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაფერი გადავდე, როდესაც ვნახე დასავლური ვექტორის პარტია სუსტდებოდა... არაფრით არ მაწყობს მე არც ახლა, არც 2018 წელს მაწყობდა. ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონს, მაინც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ყველაზე დიდი ხმა დასავლური ვექტორის პარტიებში. აქ ოპოზიციას ვგულისხმობ. ჩავთვალე, როდესაც რუსეთ-საქართველოსთან ომია, არაფრით არ მაწყობს ამ პარტიის (ნაციონალური მოძრაობა.რედ) დასუსტება. და ძალიან მაგრად დავუდექით გვერდში, შუა ხმების წამოღება... ჩვენ წარვადგინეთ, მე და პაატა ბურჭულაძემ ( არც პაატა იყო ნაციონალურ მოძრაობა და არც თამარ ჩარკვიანი) გრიგოლ ვაშაძე და მილიონამდე, აი 900 000 ხმა დაიდო იმ "ძალა ერთობით". თავზე ჩამოგვალეწა ნიკანორ მელიამ ეს "ძალა ერთობა", ეს გააკეთა გიგა ბოკერიას ხელდასხმით.
რა იყო მიზანი, ან გიგა ბოკერიას რაში აძლევდა ხელს?
"ძალა ერთობაში" გიგა ბოკერია არავინ არ იყო. და მაშინ "ევროპულ საქართველოს" ოპონენტი ჰყავდა "ძალა ერთობაშია"-ს საპირწონე. მე არც იმ კანდიდატის საწინააღმდეგო მაქვს, მე გეუბნებით, არ გაიმარჯვა "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა და გაიმარჯვა, ანუ მეორე ტური დადო გრიგოლ ვაშაძემ. გიგას ყოველთვის ჰქონდა პირველობის პრეტენზია და არც დაუმალავს.
მარტო გიგა ბოკერია იყო? გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე .....
ზოგადად დათო და გიგი, რომელიც აღარ არის ბოკერიასთან, არ აჰყვნენ. დღეს არც ბაქრაძეა. დათო ძალიან კარგი ადამიანია, რომელთანაც კარგი ურთიერთობა შეგიძლია გქონდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ, რაღაცნაირად ტოქსიკური ადამიანი არ არის.
გიგა ბოკერია აბსოლუტურად ტოქსიკური ადამიანია პოლიტიკაში და მან ზუსტად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ფონზე ჩრდილია.
ამბობენ, გიგა ბოკერია ძალიან ძლიერი იდეოლოგია, და რომ ქართულ პოლიტიკაში, უფრო სწორად, ამ ახალ პოლიტიკურ სივრცეს იდეოლოგი არ ჰყავს, როგორიც გიგა ბოკერიაა...
ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ რაღაცას, თქვენ ძალიან სწორი და საინტერესო მიმართულების კითხვა დასვით. როგორ ხდება, რომ ყოველთვის იდეოლოგი უნდა იყოს, მაგრამ, პასუხისმგებლობას არცერთი ხელისუფლება არ სთხოვს? ზის საქართველოს ინსტიტუციების აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი და თუ იდეოლოგი იყო, და ციხის ბუნტის დროს ჩართული იყო, ელენე თევდორაძის ჩვენების დევს, რატომ არავინ კითხვა არ დაუსვა არასდროს, იმ გიგა ბოკერიას იმ ციხის ბუნტის დროს? რატომ მოსთხოვეს პასუხი არა იდეოლოგს, ვანო მერაბიშვილს და თურმე არა იდეოლოგს, მიხეილ სააკაშვილს? წლების განმავლობაში კითხვა არ დაუსვამთ მისთვის.
ანუ, თქვენ ფიქრობთ რომ გარიგება ხდება მმართველ გუნდსა და გიგა ბოკერიას შორის?
იცით რა, მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე მე მივუთითო. ხალხი ძალიან გონიერია და იმიტომაც გაანულეს. ნახეთ მისი რეიტინგი სად არის. არც იდეოლოგად აღიქვეს, არც დიდ პოლიტიკოსად და დღეს რა მდგომარეობაშია "ევროპული საქართველო" მის გამო. თორემ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იყო მის გვერდით, ვიმეორებ, ძალიან ტოქსიკური ტიპი იყო.
გიგას ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა თავის დროზე ნიკანორ მელიაზე. სხვათა შორის ეს ადგილობრივ არჩევნებში გამოჩნდა. შემდეგ,ამათმა გადაწყვიტეს, ეს მიშა ციხეშია, თვითონ არიან, მშვენივრად და დაიწყეს რაღაცების დალაგება. ვერა!
მიშა იყო იდეალისტი. იდეალისტია, მე იმიტომ ვიცავ მას, თორემ მე რომ ოპოზიციაში ვიყავი, ვიმეორებ, დეკანოიძეც იყო მერაბიშვილის სტრუქტურის მაღალჩინოსანი და დღეს რომ უსირცხვილოდ ამბობს, მაშინ სისტემური დანაშაულები იყო, ადეიშვილის ბიუროს უფროსი იყო ნიკა მელია. ბოკერია ვინც იყო კარგად გვახსოვს, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი.
მე სულ ფაქტებით ვლაპარაკობ. ელენე თევდორაძემ მის მიმართ ჩვენება მისცა, ჩნდება კითხვები... ეს კაცი დატოვეს მარტო და ძალიან უსინდისოდ დატოვეს მარტო. ციხეში კაცის მიტოვებაზე უფრო დიდი საზიზღრობა არც კი გამიგია რა არის.
სალომე სამადაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, დღეს კი პარტია "ლელოს" წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოში?
იცით რა, ამათგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილს არ დაუწყია საუბარი, რომ სისტემური დანაშაული იყო. ღიად გააკეთა თავისი არჩევანი, დაუფარავად, პარტიაში არ უცდია ამღვრევა. გავიდა იმ პარტიიდან და "ლელოშია".
მელია კი რასაც ახლა აკეთებს, საკუთარ პარტიას 24 საათიან რეჟიმში ლანძღავს, როდესაც რუსეთს ვებრძვით.
როგორც კი დავიწყე ლევან ხაბეიშვილის დაცვა და სიტყვა შევაწიე. იმ წუთში თქვა, რომ ა, რატომ შევაწიე, კეზერაშვილი - მერაბიშვილი აფინანსებსო? ამ სიბინძურეში აქვს მას ტვინი, იმიტომ რომ თავად შეუძლია.
მან თქვა, ჩემი პარტნიორია კეზერაშვილიო. მანქანა კეზერაშვილმა აჩუქა, იმის ჯიპზე რომ ხარ მომჯდარი, რომ დაქრიხარ აქეთ იქით და 6 თვის მერე იტყვი, კეზერაშვილი არა ფორმალუი იყოო. რატომ დავუჯერო მას?
და მაინც, მელიას გარდა სხვებიც საუბრობენ, რომ დავით კეზერაშვილი გაფინანსებთ...
რა კავშირი მაქვს მე ხალხნო, მე პარტია "კანონი და სამართალი" მაქვს და ვწვალობთ ძალიან ჩვენი მცირე დაფინანსებით. დავიცავი ლევან ხაბეიშვილი და ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება.
კი არ დავიცავი, ბაჩო დოლიძე ამბობს, მე შემიძლია ვთქვა რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" არავის კონკურენტი არაა. ამას ამბობს საკუთარ პარტიაზე. იმ პარტიის წევრია. არ გაუჩნდება იმ ლეგიტიმურ თავმჯდომარეს კითხვა? შენიშნავს არ მოგცეს პარტიის თავმჯდომარე? არ გრცხვენია, როცა შენ დროს მელია რომ ხარ 6%-მდე დაიყვანე პარტიის რეიტინგი და ლეგიტიმური თავმჯდომარის დროს 14 %-მდე ავიდა?
რა არის ასეთი ბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზი?
ჩვენ დაგვაფიქრა იმ ამბავმა, რომ მელიას სურდა ეს პარტია (ნაციონალური მოძრაობა. რედ) სხვას მიერთებოდა. პირველ 20 ადგილს პრაქტიკულად ყიდდა. ამაზე იყო საუბარი და ამართლებს ამას. არ გამოუვიდა. ეს არ გაატარებინა ხაბეიშვილის ფლანგმა. მოხდა გადარჩევა და 52%-მა დაიწუნა მისი სტრატეგია და ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს ლეგიტიმურ თავმჯდომარედ.
ნიკა მელია ახლა ბორბლებში ჯოხს კი არ უნდა უდებდეს, უნდა იქცეოდეს ლევან ვარშალომიძესავით. როდესაც წააგო არჩევნები, ძალიან ღირსეულად მოიქცა, აქციები რომ ტარდებოდა ლევანი თავისი ინიციატივით კრებდა ხალხს და თბილისში მოჰყავდა, მელიას აქციებზე.
4 თვეც კი არაა გასული, რაც ლეგიტომურად არჩეულია ლევან ხაბეიშვილი, თვითონ სამწელიწად ნახევარი იყო, და მხოლოდ ლანძღვა ისმის.
ვიკითხე, რატომ ანგრევს ეს კაცი ამ დასავლური ვექტორის პარტიას, რომელიც სიმწრით მოვაძლიერეთ "ძალა ერთობის" დროს. ყველას ჩვენ ჩვენი წვლილი გვაქვს ჩადებული, ვერ გავიმარჯვებთ ჩვენ რუსეთთან ასე. თუ ჩვენ დავასუსტეთ. მე ამ ერთ საკითხში ვამბობ გაერთიანებას , რუსეთთან მიმართებით, დასავლურობით, თორემ არც მე ვაპირებ, პირდაპირ გეტყვით, ბევრი არც მე მეპიტნავება, მაგრამ გაერთიანებას ვგულისხმობ დასავლური ვექტორის დროს. ვეუბნები, ნუ ასუსტებ შენ, სანამ ეს 2%-იანები ჩემი ჩათვლით აკრიფავენ პროცენტებს, მანამდე პუტინი მოგვადგა კარს.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში თქვენ "გბრალდებათ". არავის ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ, არის მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნება, რომელიც თქვენს ნათქვამზე ქვეყანაში ჩამოსულიყო?
მიხეილ სააკაშვილი ხომ არ არის მკვდარი, ხომ ცოცხალია. მან ხომ ყველაზე კარგად იცის... მე მხოლოდ მას შემდეგ, როცა თქვა, ჩამოსვლა მინდა, მას შემდეგ გავაკეთეთ ეს მოძრაობა.
რას ბრძანებთ, მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნება ან ჩარკვიანის დაძახებულზე, ან გუბაზ სანიკიძის დაძახებულზე ასე ჩამოვიდოდა... ხომ გაჩვენეთ, როგორ წერილი მომწერა მიხეილ სააკაშვილმა, "ჩემო უანგარო მეგობარო" და სწორედ ამ უანგარობით ბოლომდე ვიქნებით მის გვერდით, სანა არ გამოჯანმრთელდება და არ იქნება გადაყვანილი უცხოეთში.
ავტორი ირმა მესხია