საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, სასამართლოში გაასაჩივრონ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება.
„რასაკვირველია, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი, მკაფიოა, სადაც კონკრეტულად ვხედავთ იმ შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა.
ზოგ შემთხვევაში ნახეთ, რომ სამჯერ და ოთხჯერ უფრო იყო გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოვადგინეთ კონკურენციის სააგენტოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში. ასევე, ძალიან ცხადია, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში, რაც კონკურენციის სააგენტოს მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას. ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა. მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი.
ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია. ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას უკვე ეტაპობრივად, ამ წლიდან სახელმწიფო იღებს მთლიანად. მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტებით ჩვენ შევძელით, რომ გარკვეულ მედიკამენტებს უკვე იანვრიდან მივაწვდით პაციენტებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.