ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსისა და ილუსტრატორის, ნათელა იანქოშვილის გამოფენა გაიხსნა.

ნათელა იანქოშვილის(1918-2007) შემოქმედებითი ბიოგრაფია ვრცელი და მრავალფეროვანია.სოციალისტური რეალიზმიდან ნეოექსპრესიონიზმამდე მხატვრის მიერ განვლილი გზა არაერთხელ გამხდარა ქართველი თუ უცხოელი ხელოვანებისა და კრიტიკოსების რეფლექსიის საგანი. იანქოშვილის შემოქმედებაში დომინირებს პორტრეტები და პეიზაჟები.ის გამოირჩევა ძლიერი სტილიზაციით, სახასიათო რელიეფური მონასმებით, შავი და მწვანე ფერების ინტენსივობით.

წინანდლის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მხატვრის სხვადასხვა პერიოდის20-მდე ნამუშევარი.

“წინანდლის მუზეუმში ამჯერად გამორჩეული ქართველი ფერმწერის გამოფენა გაიხსნა. ნათელა იანქოშვილის ექსპოზიციისთვის  შეირჩა 9 სხვადასხვა კერძო კოლექციის ნამუშევარი.  ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან მხატვრის შემოქმედების მრავალ განსხვავებულ მიმართულებას წარმოაჩენს. ამას გარდა ეს გამოფენა არის პროფესიონალური თანამშრომლობის მაგალითი საკურატორო-სამუზეუმო სფეროსა და კერძო კოლექციონერებს შორის. მიხარია, რომ ეს შესანიშნავი თანამშრომლობა წინანდლის საგამოფენო სივრცისთვის შედგა.” - მარიამ კაკაბაძე, სილქ ჰოსფითალითის არტ კურატორი.

ნათელა იანქოშვილი იყო პირველი მხატვარი ქალი, რომლის პერსონალური გამოფენაც საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა. ჩვენს დროში მის ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა გალერეა თუ ხელოვნების ბაზრობა მასპინძლობს, მათ შორის: ბერლინის GalerieKornfeld(2012), კიოლნის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობა (2015), „სოთბის” გამოფენა (2016), Art Brussels (2017), Frieze New York (2018) და სხვა.

“ნათელა იანქოშვილის პერსონალური გამოფენა1960 წელს შედგა ეროვნულ გალერეაში და შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ყალიბდება მხატვრის ის ხედვა, დამოკიდებულება და მხატვრული ენა, რომლითაც მისი შემოქმედება პოპულარული ხდება. ინტერესი მხატვრის შემოქმედების მიმართ ყოველთვის დიდი იყო. შეამჩნევდით, რომ გამოფენაზე ჭარბობს ძირითადად შავი და მწვანე ფერები, რაც განსაკუთრებულ გამომსახველობას ქმნის და სწორედ ეს ექსპრესიული ენა ახდენს დამთვალიერებელზე დიდ ზემოქმედებას.” - ნანა ყიფიანი, ხელოვნების ისტორიის დოქტორი.

მორიგი გამოფენა წინანდლის მუზეუმში კომპანიების „სილქ ჰოსფითალითი“ და „წინანდლის მამული“ მხარდაჭერით არის წარმოდგენილი. ექსპოზიცია წინანდლის საგამოფენო სივრცეში ივლისის ბოლომდე დარჩება.

წინანდალში და სილქ როუდ ჯგუფის სხვა ობიექტებში საგამოფენო სერიების მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.

----

კომპანიას „სილქ ჰოსფითალითი“ საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და 20-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს. კომპანია არაერთი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ხელშემწყობია. სილქ ჰოსფითალითის მხარდაჭერით თბილისში და წინანდალში სხვადასხვა ცნობილი ქართველი მხატვრების გამოფენებები იმართება.