„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიერ მიმდინარე წელს 36 სხვადასხვა სახის მხარდაჭერა განხორციელდა, დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლეებისთვის. სრულად, ფონდისგან გაცემული დახმარებების ჯამმა 181 973.74 ლარი შეადგინა. ეს თანხა მოხმარდა საზღვარგარეთ ჩატარებულ გადაუდებელ ოპერაციებს, სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სწავლის დაფინანსებას, და სხვა:
ჩატარდა 11 ოპერაცია და საზღვარგარეთ მკურნალობის კურსი (ავსტრია,თურქეთი) – 103 550.54 ლარი 6 სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება - 29 113.70 ლარი ვეტერან მებრძოლს დაუფინანსდა ქვედა კიდურების პროტეზირება - 28 260 ლარი 7 ბენეფიციარისთვის გამოიყო თანხა მედიკამენტების შესაძენად - 6 288.39 ლარი 6 სამხედრო მოსამსახურის არასრულწლოვან შვილებს ფონდი დაეხმარა სამედიცინო მომსახურებით და სასწავლო კურსების დაფინანსებით - 8 093.61 ლარი 1 სამხედრო მოსამსახურის მეუღლეს გაეწია სამედიცინო მომსახურება - 593 ლარი 2 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა რეაბილიტაციის კურსი - 3 590 ლარი 2 სამხედრო მოსამსახურეს დაუფინანსდა სასწავლო კურსი - 2,484.50 ლარი
ფონდი დაარსებიდან არაერთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მათ შორის არის ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი Invictus Games Foundation. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ბრიტანული ფონდისგან მიღებული გრანტით შეიძინა 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის. გუნდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მუდმივად აქტიურად ვარჯიშობს სხვადასხვა ასპარეზობებში მონაწილეობისათვის, სადაც ღირსეულ მეტოქეობას უწევს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს გუნდებს, სპორტის არაერთ სახეობაში. სწორედ მათთვის, სილქნეტმა უზრუნველყო საქართველოში ეტლების ტრანსპორტირება. ფონდი ეტლებს გადასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა გუნდს. ამჟამად, გუნდი ემზადება „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება დიუსელდორფში. ბრიტანული ფონდ Invictus Games Foundation-ისგან მიღებული გრანტით შეძენილი ეტლები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჭრილმა მებრძოლებმა სათანადო მომზადება გაიარონ და ღირსეულად გამოვიდნენ აღნიშნულ ტურნირზე. ფონდისთვის საამაყოა ამ სასარგებლო საქმეში მონაწილეობა.
ფონდი, ასევე, აქტიურად მუშაობს დაჭრილ მებრძოლთა მეუღლეებისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. ფონდის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მხარდაჭერის აღმოჩენა გამიზნულია დაჭრილი მებრძოლების მეუღლეებისთვისაც. გარდა ჯანმრთელობის კუთხით გაწეული დახმარებისა, ფონდი დააფინანსებს სხვადასხვა სასწავლო კურსს პროფესიული გადამზადების კუთხით, რათა მეუღლეებს შესთავაზოს დასაქმების ან ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობები. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხების დაგეგმვისას, ფონდი თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით.
ფონდი 2018 წელს დააფუძნა სილქნეტმა. კომპანია ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. გარდა ამისა, წლიდან წლამდე უფრო მეტ დონორს იზიდავს და გაფართოებული რესურსით ეხმარება დაჭრილი მებრძოლებს. ფონდის დონაციები შედგება სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიებისა და ფიზიკური პირების შემოწირულობებისგან და ასევე, მთავრობის მხრიდან განხორციელებული თანადაფინანსებით. ფონდის მიზანია, მხარში დაუდგეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობას და შედეგად, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
ფონდის საქმიანობაში ყოველ წელს არაერთი კომპანია და კერძო პირი იღებს მონაწილეობას. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, შეუერთდეს ქველმოქმედებას და მხარში დაუდგეს დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს ფონდთან ერთად. შესაძლებელია ფონდის ვებ გვერდიდან ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ფონდში. მოქმედებს, ასევე, საქველმოქმედო ნომერი 0 091 777 771. ნომერზე შემოსული ერთი ზარიდან ფონდის ანგარიშზე ირიცხება ერთი ლარი. ნომერი აქტიურია ყველა მობილური ქსელის მომხმარებლისთვის.
ფონდის მიზანია, მისი საქმიანობა გახდეს მეტად ფართომასშტაბიანი და საყოველთაო, რათა საზოგადოებასთან და ბიზნესთან ერთად, ასევე მთავრობასთან თანამშრომლობით, გვერდით დაუდგეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.