საერთაშორისო მასშტაბის კულტურული მოვლენა, წინანდლის ფესტივალი, 4-14 სექტემბერს, კვლავ მოუყრის თავს გამოჩენილ დირიჟორებს, მუსიკოსების ვარსკვლავურ შემადგენლობას და ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებს.
ფესტივალის წარმდგენი და თანადამფუძნებელი კომპანია სილქნეტია, რომლის უწყვეტი თანადგომით უკვე მეშვიდე წელია იმართება საფესტივალო დღეები წინანდალში.
მამული, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ საუკუნეების წინ, პირველი ევროპული ვენახი გააშენა, ქართული ღვინო ბოთლში ჩამოასხა და ევროპული ღირებულებების შემოღებით, წინანდალი კულტურულ კერად აქცია, დღეს აღდგენილი ბაღით, განახლებული ვენახებით, რეაბილიტირებული მუზეუმით ხვდება სტუმარს. “სილქ როუდ ჯგუფის” პატრონაჟის ქვეშ, ისტორიულ მამულს ორგანულად შეერწყა ტერიტორიაზე აგებული თანამედროვე სასტუმროები, რესტორნები, სადეგუსტაციო სივრცეები. აქ წინანდლის ფესტივალის კონცერტები უნიკალური აკუსტიკის მქონე კამერულ დარბაზში და ღია ამფითეატრში ტარდება.
გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი, სილქ როუდ ჯგუფის და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
“წინანდლის ფესტივალი უმაღლესი ხარისხის კულტურული ღონისძიებაა, სადაც მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები, დირიჟორები და სოლისტები იკრიბებიან ჭავჭავაძეების არაჩვეულებრივ ისტორიულ მამულში. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც 15 წლის ცოტნე ზედგინიძე ხვდება ლეგენდარულ ზუბინ მეტას, სადაც პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსები ხვდებიან მუსიკალური სამყაროს კორიფეებს, ჯანანდრეა ნოზედას, კენტ ნაგანოს და ანდრაშ შიფს.
მე მჯერა, რომ დიდი ალექსანდრე ჭავჭავაძე ძალიან კმაყოფილი იქნებოდა მუსიკის, კულტურისა და მეგობრობის ამ დღესასწაულით, ქართული სტუმართმოყვარეობის და ღვინის თანხლებით, რაც წინანდლის ფესტივალის არსი და მიზანია.”
ყოველი სეზონი, ტრადიციულად, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით იხსნება. 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, წინანდალში იკრიბება და რეპეტიციებს გადის მსოფლიო დონის დირიჟორებთან, სოლისტებთან და უმაღლესი კლასის პედაგოგებთან.
“პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების გაერთიანება და განთქმული მუსიკოსების ხელმძღვანელობით მათი განვითარების ხელშეწყობა, განათლებისა და მშვიდობის კულტურის დამკვიდრებას ნიშნავს. წინანდლის ფესტივალი და ყველა, ვინც მასთან არის დაკავშირებული, უაღრესად მადლობელია გიორგი რამიშვილის მხარდაჭერისთვის და ხედვისთვის და ასევე, მთელი მისი გუნდის ძალისხმევისთვის. “ - ფესტივალის თანადამფუძნებლები მარტინ ენგსტრომი და ავი შოშანი.
წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი 4 სექტემბერს, დირიჟორ ჯანანდრეა ნოზედას ხელმძღვანელობით და პან კავკასიური ორკესტრის მონაწილეობით გაიხსნება. საფესტივალო დღეები 14 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. სრულ საკონცერტო პროგრამას მუსიკის მოყვარული საზოგადოება წინანდლის ფესტივალის ვებ გვერდზე გაეცნობა.
მნიშვნელოვანია, რომ წელს არაერთ ქვეყანაში იქნება წინანდლის ღონისძიებების ჩვენება სტრიმინგ პლატფორმების მეშვეობით. ქვეყნისა და ფესტივალის პოპულარიზაციას ყოველწლიურად ხელს უწყობს, საერთაშორისო მუსიკალურ არხზე medici TV, რჩეული კონცერტების ტრანსლირება.
წინანდლის ფესტივალი მუსიკალური კულტურის, ისტორიისა და სტუმართმოყვარეობის უნიკალური სინთეზია. ჯადოსნური დღეების შთაბეჭდილება კი მთელი წელი მიყვებათ სტუმრებს.