მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს-საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს-საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები შედის ასევე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში. ეს გამოიწვევს რისკიან და არამომგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას. ამას თან ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც, რადგან ფული სახელისუფლებო ბიზნესების ( მაგ. სამშწნებლო კომპანიების) დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს.

ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამ ცვლილებების პარლამენტში გატანის შესაძლებლობა.

ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს ემსახურება."

ცნობისათვის:

საქართველოს მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.

bpn.ge –ის თანახმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები იგეგმება, მაგალითად „საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება „საპენსიო ფონდის“ დასახელებით.

ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“. აღნიშნული საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას, ასევე შეასრულებს საინვესტიციო და ადმინისტრაციულ/საოპერაციო ფუნქციებს.

მმართველობითი საბჭოს „სპეციალური ფუნქციები“ ექნება: საინვესტიციო, რისკისა და შიდა აუდიტის ფუნქციები. საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - 2 თანამდებობრივი წევრი.

„კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი“, - აღნიშნულია კანონპროექტში.