ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის 2023 -2024 წლების ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა ყურადღება კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა და სექტორების მიხედვით გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა.


მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური პარამეტრების გაზრდასთან ერთად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება, შესაბამისად, დღის წესრიგში  ენერგიის დამატებითი წყაროების შექმნის აუცილებლობა დადგა.
სემეკ-ის თავმჯდომარემ ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და წყალარინების სისტემების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში არსებულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
რაც შეეხება მოსახლეობასა და კომპანიებს შორის ურთიერთობებს, დავით ნარმანიას თქმით, მხოლოდ 2024 წელს კომისიაში 6 ათასზე მეტი საჩივარი შევიდა, რომელიც კომისიამ დეტალურად შეისწავლა, შედეგად, კომპენსაციის სახით, კომპანიებმა მომხმარებლებს 3.7 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სემეკ-ის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, კომისიის საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ენერგეტიკის, წყალმომარაგების და ბუნებრივი გაზის სექტორს შეეხება.

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს ქსელის მოდერნიზაციაზე და სისტემის განახლების პროცესი დაჩქარდეს. ეს ნიშნავს, რომ ქსელი უფრო გამართულად იმუშავებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დანაკარგებს და გააჩენს დამატებით შესაძლებლობებს. ასევე, მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენების ხელშეწყობა, რაც გაზრდის სისტემის პროდუქტიულობას“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.                                                                                                                                                                                                       
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ტარიფების თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა, რაც ქვეყანას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს.
კომიტეტის წევრებმა სემეკ-ის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშები ცნობად მიიღეს.

კომიტეტმა, შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, მთავარი შრომის ინსპექტორის ბექა ფერაძის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, შრომის ინსპექციის საქმიანობა სისტემურად დაიხვეწა და ამის შედეგია, რომ ისეთ სექტორებში, რომლებიც მაღალი რისკის მატარებელია, დარღვევების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.