უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მესამე ტურის მატჩში საქართველო პოლონეთის ქალაქ პოზნანის „ენეა სტადიონზე" უკრაინას შეხვდა
მატჩის ბედის მიჰაილო მუდრიკის მიერ პირველ ტაიმში გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. შეხვედრის 89-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შეძლო გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა მანამდე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
უკრაინა - საქართველო 1:0(1:0)
გოლი: 35' მიჰაილო მუდრიკი
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი - გიორგი გველესიანი (82' ბუდუ ზივზივაძე), ლუკა ლოჩოშვილი (59' ლევან შენგელია) - გიორგი ქოჩორაშვილი (71' ზურიკო დავითაშვილი), ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე - გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია
ფეხბურთის თავგადაკლულ ქართველ ქომაგთა ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით აღვნიშნავთ, რომ პოზნანის „ენეა სტადიონის" მოედანი საფარის უაღრესად ცუდი მდგომარეობის შესახებ საუბარი ადგილობრივი „ლეხის" და ლუბლინის „მოტორის" შეხვედრის შემდეგ დაიწყეს და მდგომარეობის გამოსწორება სცადეს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გუნდებმა შეხვედრის წინა დღეს საფეხბურთო მინდორზე ვარჯიშის ჩატარება ვერ შეძლეს.
რამდენად შეძლეს მინდვრის საფარის მოწესრიგება და ტექნიკურ და სწრაფ შეტევებზე ორიენტირებულ გუნდს უფრო მეტი პრობლემა შეექმნა თუ ნაკლებად ტექნიკურ და ძირითადად პრესინგზე ორიენტირებულ გუნდს, ეს, ალბათ, ყველასთვის თვალშისაცემი იყო.
პოლონური პრესის ინფორმაციით, მატჩს 6000-მდე ქართველი და რამდენიმე ათასი უკრაინელი გულშემატკივარი ესწრებოდა, მატჩზე დასასწრები ბილეთის ყიდვა კი პრობლემა არ იყო. მათი ფასი 45 ზლოტიდან (~31,5 ლარი) 130 ზლოტამდე (~91 ლარი) იყო.
ამავე ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთმა ალბანეთი დაამარცხა.
ჩეხეთი - ალბანეთი 2:0(1:0)
გოლები: 3' და 63' ტომაშ ჩორი 1:0 და 2:0