იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც სკუდეტოს მოქმედი გამარჯვებული ტურინის იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან "ნაპოლის" მასპინძლობდა.
მატჩს განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ისიც, რომ ეს კლუბები დაუძინებელ მტრებად მიიჩნევიან. მატჩი მშვიდად დაიწყო, თუმცა მატჩის სტარტზე იუვენტუსის მცველი დე შილიო დაემტვრა, მის ნაცვლად მოედანზე დანილო ჩაერთო, რომელმაც მოედანზე გამოსვლისთანავე - 16-ე წუთზე ანგარიში გახსნა და 1:0. 19-ე წუთზე ნაპოლის ექსფორვარდმა იუვენტუსის მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და 2:0. მატჩის 62-ე წუთზე კი თავისი პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე გათამაშებაში კრისტიანო რონალდომ და თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა კიდეც. თუმცა, საფეხბურთო დრამის განვითარება აქედან იწყება. იუვენტუსის საჯარიმოს მისადგომებთან თამაშის წესების დარღვევისთვის ჯარიმა დაინიშნა. სწორად გათამაშებული სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ სამხრეთ იტალიურმა კლუბმა 1 გოლი გაქვითა, თავი 66-ე წუთზე რომადან გადმობარგებულმა ცენტრალურმა მცველმა კოსტას მანოლასმა გამოიჩინა. 68-ე წუთზე კი ანგარიში ლოზანომ შეამცირა და 3:2.  ამის შემდეგ თამაში ოდნავ დამშვიდდა, თუმცა ესეც მოჩვენებითი აღმოჩნდა. ნაპოლიმ თითქმის უიმედო მატჩი 81-ე წუთზე გაათანაბრა. ამის შემდეგ იუვენტუსი დიდი ძალებით წავიდა წინ, თუმცა თავს კარგად იცავდა ნაპოლი. მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე გამოსული დიბალას წინააღმდეგ ნეაპოლელებმა იუხეშეს. იუვენტუსმა საჯარიმო მოიპოვა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ კი ნეაპოლიტანელთა საუკეთესო მცველმა კულიბალიმ ყველას დაასწრო, თუმცა ბურთი აეჭრა და ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა. დრამატულ მატჩში იუვენტუსმა გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა, მაშინ როდესაც მატჩის დასრულებამდე 1 წუთი რჩებოდა და საბოლოო ანგარიში 4:3 დაფიქსირდა.                                   კულიბალი საბედისწერო ავტოგოლის შემდეგ   აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იუვენტუსის მწვრთნელი მაურიციო სარი გახდა, რომელიც იუვენტუსში ჩელსიდან გადავიდა, თუმცა ლონდონში გატარებულ ერთ წელს თუ არ ჩავთვლით ის სწორედ ნაპოლის წვრთნიდა და საფეხბურთო მსოფლიომ ყურადღება აქედან მიიპყრო. იუვენტუსში გადასვლის შემდეგ მას მოღალატე უწოდეს. ამჟამად სარი კლუბთან ერთად არ იმყოფებოდა, რადგან პნევმონია აღმოაჩნდა და კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.