დღეს სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის პირობებში, ქართულ სპორტს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობები. ეს მხარდაჭერა არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს დროშა ყოველთვის იფრიალებს ყველაზე მაღლა, ხოლო ჩვენი ჰიმნი კვლავ და კვლავ გაიჟღერებს მსოფლიოს ყველაზე დიდ სპორტულ ასპარეზებზე, – ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამაყობს თითოეული სპორტსმენით, რომელიც საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს.
„დღეს გამორჩეული დღეა. დღე, როცა სახელმწიფო განსაკუთრებულად აფასებს მათ, ვინც საქართველოს სახელს მსოფლიო არენაზე ღირსებით ატარებს. მათ, ვინც საკუთარი შრომით, ნებისყოფითა და თავგანწირვით ამტკიცებს, რომ საქართველო ძლიერი ქვეყანაა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. უპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომლის პოლიტიკური ნება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გახდა საფუძველი იმისა, რომ სპორტის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. ეს არ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული ნაბიჯი, ეს იყო მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფოსთვის სპორტი, სპორტსმენი და ეროვნული წარმატება უმაღლესი პრიორიტეტია. სწორედ ამ ხედვამ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ეს ღირსეული ტრადიცია. დღეს სახელმწიფო მტკიცე მხარდაჭერის პირობებში, ქართულ სპორტს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობები. ეს მხარდაჭერა არის გარანტია, რომ საქართველოს დროშა ყოველთვის იფრიალებს ყველაზე მაღლა, ხოლო ჩვენი ჰიმნი კვლავ და კვლავ გაიჟღერებს მსოფლიოს ყველაზე დიდ სპორტულ ასპარეზებზე.
2025 წლის პირველი იანვრიდან სპორტის სამინისტრომ ოფიციალურად დაიწყო დამოუკიდებელი საქმიანობა და დღეს ერთიან სპორტულ ოჯახში ვაჯამებთ წელს, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება, როგორც მიღწევების, გამარჯვებებისა და ეროვნული სიამაყის წელი. თითოეული ემოცია, რომელსაც ვგრძნობთ, როცა ვისმენთ საქართველოს ჰიმნს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, თითოეული ცრემლი, სიხარულისა და სიამაყის, ეს ყველაფერი თქვენ გეკუთვნით, ქართველო სპორტსმენებო, თქვენს მწვრთნელებს, ექიმებს, გუნდებს და ფედერაციებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი სახე და ხასიათი. თქვენი თითოეული გამარჯვებით მსოფლიო კიდევ ერთხელ ხედავს, რას ნიშნავს ქართული სული, შეუპოვრობა და გამარჯვების რწმენა.
2025 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 1935 მედალი მოიპოვეს. ეს არის ისტორიული, რეკორდული შედეგი, 752 ოქროს მედალი ნიშნავს 752 გამარჯვებას საქართველოსთვის, 752-ჯერ აჟღერებულ ჰიმნს, 752-ჯერ ყველაზე მაღლა აფრიალებულ დროშას. დღეს საქართველოს ჰყავს 752 ჩემპიონი, 610 ვიცე-ჩემპიონი, 753 ბრინჯაოს პრიზიორი. ეს ციფრები სახელმწიფოს სწორი პოლიტიკისა და სპორტსმენების თავდადების შედეგია. ხშირად ვამბობთ სიტყვას, ისტორიაში პირველად, 2025 წელს ეს ფრაზა 42-ჯერ წარმოვთქვით. ეს ნიშნავს, რომ ქართული სპორტი არ დგას ერთ ადგილზე, ის მიდის წინ, წერს ახალ ისტორიას. გასულ წელს საქართველომ უმასპინძლა 21 საერთაშორისო ტურნირს – „ბაკურიანი 2025“, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი აღიარეს საუკეთესო ოლიმპიურ ფესტივლად ისტორიაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის ორგანიზაციული შესაძლებლობის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული ერთიანობის შედეგი. ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი, MMA-ს მსოფლიო ჩემპიონატი, ქართული ჭიდაობის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, ეს არ არის მხოლოდ სპორტული ღონისძიებები, ეს არის საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის გაძლიერება, ქვეყნის სახელის წარმოჩენა და მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო არის ადგილი, რომელსაც შეუძლია უმაღლესი დონის სპორტის მასპინძლობა.
დღეს საქართველო ამაყობს იმით, რომ UFC-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ჩვენი ორი ჩემპიონი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მსოფლიოს უძლიერესთა შორის არიან. ვამაყობთ ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელმაც კარიერის მანძილზე უკვე განსაკუთრებული სეზონები ჩაატარა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის მოხვდა. დიახ, ჩვენ ვამაყობთ თითოეული სპორტსმენით, რომელიც საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. სპორტის განვითარებას სჭირდება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ამიტომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში აშენდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, საფეხბურთო და სარაგბო ბაზები, რისთვისაც ორ მლრდ ლარზე მეტია გამოყოფილი. ეს არის ისტორიული ინვესტიცია მომავალი თაობის, ჯანსაღი ერისა და საქართველოს არაერთი გამარჯვებისთვის. დასასრულ, მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას, ვინც ახლა თავდაუზოგავად შრომობს. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი გამარჯვება გველოდება ერთად – სახელმწიფოსა და სპორტსმენების ერთიანობით. ჩვენ კვლავ და კვლავ შევქმნით ქართული სპორტის ისტორიას“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.








