ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას ამ დიდი ნდობისთვის. საფეხბურთო სამყაროში არიან ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით იოლი გზით მიდიან მწვრთნელობამდე. აქამდე მარტივად არ მოვსულვარ, რთული გზა გავიარე და ამიტომ, არ უნდა დაიბადოს კითხვა, მზად ვარ თუ არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისთვის, ახლა ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს.
ჩემს სამწვრთნელო სტაფში გიორგი დეკანოსიძე და ბონდო გოცირიძე იქნებიან. რა გვინდა ყველაზე სწრაფად გამოვასწოროთ? ტაქტიკურ საკითხებს არ შევეხები, იმედი მაქვს, სწორი ემოციური დამოკიდებულება გვექნება. ველოდები ერთიანობას, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა რთულია.
ჩვენი მიზანია სტაბილური თამაში და შედეგები ვაჩვენოთ. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასასვლელი გზაა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენ გუნდს ამის პოტენციალი აქვს. ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ გუნდთან დადებითი შედეგის მიღწევა იქნება.
შეგვიძლია თუ არა 90 წუთი პრესინგის თამაში? მიმაჩნია, რომ შეგვიძლია, უბრალოდ, გააჩნია კონკრეტულ გარემოებებს და მეტოქეს. უკრაინის ნაკრებს რაც შეეხება, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.
ირაკლი ეგოიანი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩაკვეტაძე მზად იქნება თუ არა მოედანზე 90 წუთი გაატაროს, თამაშამდე გვეცოდინება. ხვიჩას მინდა წარმატება ვუსურვო „ოქროს ბურთის“ მოპოვებაში და ხვალ, უკრაინასთან შეხვედრაში.
გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ველოდები. 11 წელია, ნაკრების მწვრთნელი ქართველი არ ყოფილა. იმედია, ხვალაც და მომავალშიც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ“.
საქართველოს ნაკრები ერთ ლიგაზე მეორე ტურის შეხვედრაში 28 სექტემბერს უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.









