ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“, ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, მესამე რაუნდის ტაი-ბრეიკები დასრულდა.

ნანა ძაგნიძემ, რომელსაც მესამე რაუნდში ფიდეს სახელით მოასპარეზე რუს მოჭადრაკე ვალენტინა გუნინასთან პირველი პარტია მოგებული, მეორე კი წაგებული ჰქონდა, 15-წუთიანი ტაი-ბრეიკის პირველ შეხვედრაში შავი ფიგურებით სძლია მეტოქეს, მეორე შეხვედრა კი თეთრი ფიგურებით წააგო.

10-წუთიანი ტაი-ბრეიკის პარტიები ნანა ძაგნიძემ თეთრებითაც მოიგო და შავებითაც.  

მერი არაბიძემ შვეიცარიელ ალექსანდრა კოსტენიუკთან ტაი-ბრეიკის პირველი პარტია შავი ფიგურებით ყაიმით დაასრულა, მეორე პარტიაში, თეთრი ფიგურებით, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 

ტაი-ბრეიკების თამაში არ დასჭირვებია ლელა ჯავახიშვილს, რომელმაც ფიდესა სახელით მოასპარეზე რუს მოჭადრაკე პოლინია შუვალოვასთან შავი ფიგურებით ყაიმით ითამაშა, შემდეგ კი თეთრი ფიგურებით მოიპოვა გამარჯვება.  

მესამე რაუნდის მონაწილე მეოთხე ქართველი მოჭადრაკე, ბელა ხოტენაშვილი, ორივე შეხვედრაში დამარცხდა უკრაინელი მარია მუზიჩუკთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

მეოთხე რაუნდში (მერვედფინალში) ნანა ძაგნიძე უკრაინელ მარია მუზიჩუკს შეხვდება, ლელა ჯავახიშვილი კი ჩინელ იუსინ სონს.