თათია აფციაური პარიზი 2024-ზე 40 მსაჯს ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

„პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშები საქართველოსთვის ისტორიული შედეგების გარდა, იმითაც იყო გამორჩეული, რომ პირველად საქართველოს პარალიმპიური მოძრაობის ისტორიაში ეტლით მოფარიკავეთა შეჯიბრის მთავარი არბიტრი პარიზი 2024-ზე იყო თათია აფციაური, რომელიც 40 მსაჯს ხელმძღვანელობდა. 
თათიას დამსახურება დიდია ეტლით ფარიკაობის განვითარებაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე. კომიტეტისთვის კი დიდი პატივია, რომ ასეთ მნიშვნელობის საერთაშორისო სპორტულ ფორუმზე საქართველო, პარაათლეტების გარდა, სამსაჯო კოლეგიის მთავარი დელეგატის სახითაც იყო წარმოდგენილი. 
შეგახსენებთ, რომ თათია აფციაური საერთაშორისო არბიტრის და დელეგატის გარდა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის არბიტრია“, - წერია ინფორმაციაში.