საქართველოს ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტშია, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.
„პუშკაშ არენაზე“ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
რამაზ სვანაძე: უნგრეთის ნაკლები ძალიან კარგი გუნდია, პატივს ვცემ მოწინააღმდეგეს. შეთამაშების მხრივ მათ პრობლემა არა აქვთ. ვაცნობიერებთ, რომ როგორც ჩვენთვის, მათთვისაც ხვალინდელი თამაშის მოგება ერთადერთი შანსია ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, ეს შანსი შევინარჩუნოთ და ხვალინდელი თამაში მოვიგოთ.
რაც შეეხება მიქაუტაძის რეაქციას, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან გადის ემოციას გამოხატავს და ეს ნორმალურია, ეს ასეც უნდა იყოს და ამაზე სასაუბრო არაფერია.
ვიცი, რომ კითხვები იყო ბუდუ ზივზივაძის არ შემოყვანაზე და ეგოიანზეც... არის საკითხები, რომელზეც ვერ ვსაუბრობ. არის პატარა ტრავმები, პატარა პრობლემები, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ყველა თამაშზე მზად უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში თამაშში შემოსასვლელად.”
ოთარ კაკაბაძე: ცუდად დავიწყეთ, ჩვენგან ყველა მეტს ელოდება და დიდი სურვილი გვაქვს, პირველი ადგილი დავიკავოთ ჯგუფში, ჩვენგან ამას ელოდნენ. ვეცდებით მოგებას.
მართალია, ციკლი ცუდად დავიწყეთ. წინა თამაში უკეთესად ვითამაშეთ უკრაინაზე, მაგრამ შედეგი სხვა იყო. არ ვიცით ვინ ითამაშებს და როგორ ითამაშებს, ვეცდებით ეს თამაში მოვიგოთ.
დებიუტი 2015 წელს მქონდა და ყოველთვის ჩემი ოცნება იყო ნაკრებში თამაში. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ 80 მატჩს ჩავატარებდი საქართველოს ნაკრების მაისურით და ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე.
რაც შეეხება ტრავმას, 7-8 თვე გამიცდა, ცოტა გამიჭირდა რეაბილიტაცია, მაგრამ მთავარია რომ დღეს ჯანმრთელად ვარ და არაფერი მაწუხებს.
სულ რამდენიმე დღეა რაც ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს. რა თქმა უნდა, ცვლილებები არის, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ცვლილებები და მოვემზადოთ შეხვედრებისთვის.
პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები „პუშკაშ არენაზე ივარჯიშებენ.
უნგრეთის ნაკრების ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ტელკიში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და უნგრეთის ნაკრებებს თითო წაგებული და თითო ფრედ დასრულებული თამაშების შემდეგ, თითო ქულა აქვთ და დღევანდელი მდგომარეობით ჯგუფის აუთსაიდერები არიან.
ბოლო შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა, თბილისში, უკრაინელ ფეხბურთელებთან ნულოვანი ფრით დაასრულა.











