სასტუმრო ,,ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო, საანგარიშო-საარჩევნო სესია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

სესიაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

სესიის დელეგატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2024 წელს გარდაცვლილ სპორტულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა ხსოვნას.

დამსწრე საზოგადოებას სეოკ-ის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა სეოკ-ის როლსა და მნიშვნელობაზე ქართულ სპორტში, გაიხსენა მთავარი ამბები და მოვლენები, ათწლეულების განმავლობაში სეოკ-ის მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელოვანი მომენტები. 
ლერი ხაბელოვმა ასევე ისაუბრა 2024 წლის მთავარ სპორტულ შეჯიბრებებში, პირველ ყოვლისა კი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე მომდევნო ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლში. მან მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის,  ხაზი გაუსვა მთავრობის მზარდი მხარდაჭერის მნიშვნელობას ქართული სპორტის შემდგომი განვითარებისთვის. 


აღინიშნა, რომ  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა 35 წლის წინ, 1989 წლის 6 ოქტომბერს, 1993 წელს კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი გახდა. იქიდან მოყოლებული, საქართველო დამოუკიდებლად მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიურ შეჯიბრებებში,  ყველა მნიშვნელოვან ოლიმპიურ ფორუმში. სეოკ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა ჟურნალისტ თამარ ბალავაძის ავტორობით შექმნილი 35 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია. ასევე გამოიცა საიუბილეო კრებული, ფოტოალბომი და წიგნი „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია.“ 


2025 წლის თებერვალში საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაცია მზადების მიმდინარეობის შესახებ სესიის მონაწილეებს გააცნო ბაკურიანი 2025 ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა.


დღევანდელ სესიაზე აირჩიეს სეოკ-ის საპატიო წევრები -თენგიზ გაჩეჩილაძე, პაატა ნაცვლიშვილი, დავით კაკაბაძე, მამუკა ფაჩუაშვილი, ვაჟა კაჭარავა, ემზარ ზენაიშვილი. ასევე დაჯილდოვდნენ სეოკ-ის ღვაწლმოსილი თანამშრომლები - ნინო გოგუაძე, ტატიანა წერეთელი, რუსუდან აფციაური და თემურ წივილაშვილი.


შემდეგ გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნები, 15 ნოემბრის საარჩევნო სესიაზე იყო სეოკ-ის პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი -სეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი, 5-გზის მსოფლიოს და 4-გზის ევროპის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი. შესაბამისად, სეოკ-ის წესდების მიხედვით და სესიის დელეგატების გადაწყვეტილებით, გაიმართა ღია კენჭისყრა.


სესიის დელეგატებმა მეოთხე ვადით ნდობა გამოუცხადეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ლერი ხაბელოვს. 
სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის: კოლეგებო, მეგობრებო,
პირველ რიგში, გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მორიგჯერ ჩემი არჩევისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარებისთვის. ჩემს გუნდთან ერთად ძალღონეს არ დავიშურებ, რომ ის მიღწევები სპორტში, რომელიც ბოლო წლებში ძალზე თვალსაჩინო იყო, კიდევ უფრო წარმატებული იყოს. მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ის მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვგრძნობთ საქართველოს მთავრობისგან, ჩვენგან ითხოვს კიდევ უფრო მეტ მობილიზებას, მეტ ენერგიას და მეტ თავდადებას. ქვეყნის ხელისუფლების სპორტსმენებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია სპორტის სამინისტროს შექმნა. მადლობის მეტი რა გვეთქმის, რომ სპორტის მუშაკებისა და სპეციალისტების ხმა ოპერატიულად იქნა მოსმენილი და საკითხი კი - დადებითად გადაწყვეტილი. ვიმედოვნებ, რომ სპორტის მომავალ მინისტრთან - შალვა გოგოლაძესთან ერთად, ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის ეროვნული ფედერაციები, სპორტთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურები ქართველ სპორტსმენებთან ერთობლივად, ერთიანი ძალისხმევით, კიდევ მრავალჯერ გავახარებთ ქართველ ხალხს, სპორტის გულშემატკივრებს, ჩვენს ახალგაზრდობას.


მომავალი ოლიმპიური ციკლი კი ძალზე დატვირთული იქნება და წინ ახალი გამარჯვებები გველის. 
სეოკ-ის პრეზიდენტმა  სესიის დელეგატებს წარუდგინა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები. რომელთა კანდიდატურას მხარი დაუჭირეს სესიის დელეგატებმა.
ელგუჯა ბერიშვილი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნინო სალუქვაძე - ვიცე-პრეზიდენტი, ანზორ ჩუბინიძე - ვიცე-პრეზიდენტი, მამუკა ხაბარელი - ვიცე-პრეზიდენტი, ემზარ ზენაიშვილი -გენერალური მდივანი.


სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის  შემადგენლობა:


1. ლერი ხაბელოვი
2. ელგუჯა ბერიშვილი
3. ნინო სალუქვაძე
4. ანზორ ჩუბინიძე
5. მამუკა ხაბარელი
6. შალვა გოგოლაძე
7. კონსტანტინე ლაშხი
8. ალექსი ახვლედიანი
9. კახი კახიაშვილი
10. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
11. მარიამ გიორგობიანი
12. რევაზ რობაქიძე
13. ლუკა კურტანიძე
14. გოგიტა არქანია
15. შალვა მაისურაძე
16. ირაკლი დოლაბერიძე
17. ვიქტორ სანიკიძე

ინფორმაციას  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.