რომელი მაისურით ესწრება პრემიერი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს - ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილის ამ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მას ეროვნული ნაკრების ორი მაისური აქვს - გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიასი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში თამაშებს ნაკრების მაისურით აღარ ესწრება, რადგან 11-ვე ფეხბურთელის როლი განსაკუთრებულია და მათგან ერთის გამორჩევა არ სურს.
"ორი სხვადასხვა მაისური მცმია ნაკრების თამაშებზე. ორი ფეხბურთელი ვახსენე, ერთი იყო სწორედ გიორგი ჩაკვეტაძის 18 ნომერი, ძველი მაისური, როცა D ჯგუფის პირველი თამაშები ჰქონდა გიორგის და ხვიჩა კვარაცხელიას 7 ნომრიანი მაისური. თუმცა, იმდენად გამორჩეულია თითოეული ფეხბურთელის წვლილი ამ წარმატებაში, აქაც არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ მამარდაშვილი, კაშია - კაპიტანი, ქოჩორაშვილი - მართლა არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ როცა 11 კაცი დგას მოედანზე, თერთმეტივეს როლია განსაკუთრებული თითოეულ გამარჯვებაში. ამიტომაც, ხშირად აღარ მაცვია ხოლმე ნაკრების მასიური, რადგან არ მინდა, რომ ერთი გამოვარჩიო - თერთმეტივე ერთმანეთზე გამორჩეულია," - აცხადებს პრემიერი.