საქართველოს პირველი არხი ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში საზოგადოებას ექსკლუზიურად შესთავაზებს. ტრანსლაციები მოიცავს ყველა მატჩის პირდაპირ ეთერს, ორ სატელევიზიო არხზე: პირველი არხი და პირველი არხი სპორტი, საქართველოს რადიოს ეთერში და პირველი არხის უფასო სტრიმინგ პლატფორმაზე 1tvplay.ge.
ევრო 2028-ის ლიცენზია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) თანამშრომლობით შეისყიდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მატჩები, გარდა სპორტული მნიშვნელობისა, როგორც სატელევიზიო პროდუქტი, მასპინძელ მაუწყებელზე – პირველ არხზე უპრეცედენტო, რეკორდული ტელეყურებით იყო გამორჩეული, რაც მთელი ინდუსტრიისთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რადგან ციფრული პლატფორმების გაძლიერების ეპოქაში, რომელიც მძაფრ კონკურენციას უწევს სატელევიზიო მედიას, ჩემპიონატმა სატელევიზიო ყურების უპრეცედენტო მაჩვენებელი დააფიქსირა.
„ევრო 2024-მა დაუვიწყარი მოგონებები დაგვიტოვა, ჩვენმა ნაკრებმა მოედანზე დაწერა ისტორია, ხოლო საქართველოს პირველმა არხმა ეს ისტორია თითოეულ ოჯახამდე, ადამიანამდე მიიტანა და საერთო ზეიმად აქცია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევრო 2028-ის ექსკლუზიური მაუწყებლობის უფლება შეისყიდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი მაყურებლისთვის უფასოდ და ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს, 2028 წელსაც გამარჯვებით კვლავ გავაერთიანებთ საზოგადოებას ჩვენი პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს აუდიტორია სხვადასხვა პლატფორმაზეა ფრაგმენტირებული, საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გავრცელების სტრატეგიას და პრიორიტეტულად განიხილავს ციფრული პლატფორმების გაძლიერებას. პირველი არხის სტრიმინგ პლატფორმას 1tvplay უკვე ნახევარ მილიონამდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ყურების საერთო დრო სამ მილიონ საათს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2028-ს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია 2028 წლის 9 ივნისიდან 9 ივლისამდე უმასპინძლებენ.
ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს










