იტალიის ქალაქ ტრევიზოში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა  მიიღო მონაწილეობა. ამ დიდ და პრესტიჟულ ტურნირზე, სადაც  20-მდე ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა,  მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ჭაბუკა მახარაძემ  ოქროს მედალი და I ადგილი მოიპოვა კუმიტერს აბსოლუტურ კატეგორიაში. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო ვენეციის  შოტოკან კარატეს ფედერაცია. 

იტალიაში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ჭაბუკა მახარაძე 15 წელზე მეტია რაც წარმატებით ასპარეზობს და მოპოვებული აქვს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. 


2022 წელი განსაკუთრებით ნაყოფიელი აღმოჩნდა ჭაბუკა მახარაძის სპორტულ კარიერაში, აგვისტოში მან იაპონიაში, ტოკიოში გამართულ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა და მეოთხედ გახდა მსოფლიო  ჩემპიონი. 


ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 1998  წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მედალი. 
 
ჭაბუკა მახარაძე, შოტოკან კარატე დოს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სპორტსმენი: 

- ტრევიზოში შოტოკან კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ეს ძალიან მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირია, დიდ სპორტულ კომპლექსში ერთდროულად 6 ტატამზე მიდიოდა ასპარეზობები.  ამ ჩემპიონატზე კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში გამოსვლისას პირველ წრეში 2:0 დავამარცხე პედრო აგუილარი (იტალია),  მეორე  წრეში  მოვუგე 2:1 ნაიმ მოჰანდს (ისრაელი), მესამე წრეში 2:0 ასევე დავამრცხე ფაბიო ზამბონინი (იტალია) და მეოთხე ფინალურ წრეში  ალბერტო ჯოვანი რევაზისთან (იტალია) სპარინგში იპონით სუფთა გამარჯვება მოვიპოვე I ადგილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ყველა სპორტსმენი მაღალი პროფესიონალიზმით არის გარმორჩეული, მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებულები და მეც ყველა ბრძოლა ასე დამაჯერებლად მოვიგე. მიხარია, რომ  ჩემი სპორტული კალენდარი, 2023 წელი ოქროთი გავხსენი, რაც ჩემთვის არის სტიმული, მოტივაცია, რომ მომავალში კვლავ ღირსეულად ვიასპარეზოთ და  საქართველოს დროშა ღირსეულად ავაფრიალოთ ევროპაში. იტალიაში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მრავალჯერ გამოვსულვარ და აღებული მაქვს ყველა სინჯის მედალი: ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, - ჯამში 15-მდე მედალი. 


2022 წელი ჩემს 25 წლიან სპორტულ კარიერაში გარდა იმისა, რომ დატვირთული იყო, არაერთ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით მივიღე მონაწილეობა, მნიშვნელოვანი გამოდგა იმ მხრივ, რომ ერთ წელიწადში ავიღე 2 სპორტული ტიტული, - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტული. როგორც იცით, აგვისტოში ტოკიოში შოტოკან კარატე დოს XV მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი ავიღე უფროსებს შორის ინდივიდუალური კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიებში. ასე რომ, 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონი გავხდი მეოთხედ, ევროპის ჩემპიონი კი მეხუთედ. რადგანაც 2022 წელს საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლიანი იუბილე აღინიშნა, ამიტომ იაპონიაში ჩემი გამარჯვება მე ამ მრავალწლიან მეგობრობას მოვუძღვენი.

სპორტულ შედეგებთან ერთად მნიშვნელოვანია ყოველწლიურად კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლება. ამიტომ  მე წლების განმავლობაში მონაწილეობას ვიღებ მრავალ საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებებსა და სემინარებზე, რაც პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია და საჭირო. მაქვს მრავალი საერთაშორისო სერტიფიკატი, ვარ შავი ქამრის მე-5 დანის მფლობელი. მსოფლიოს კარატეს ფედერაციებიდან ოფიციალურად მაქვს ინსტრუქტორის, მსაჯის, ეგზამინატორის  საერთაშორისო ლიცენზირებული სერტიფიკატები.