სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, აზრთა სხვადასხვაობა კოლეგებთან მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით, ან მიმდინარე შეფასებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა.
„მათ მოინახულეს პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს. კონსილიუმი წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პროფილის ექიმებით. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ენახათ ავადმყოფობის ისტორია, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მიმდინარე პროცესები, ასევე შეთავაზებული მკურნალობის სქემა და რეკომენდაციები, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რამდენად სრულდება ეს პაციენტის მიერ. გარდა ამისა, ნახეს უახლესი, ბოლო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგები.
აზრთა სხვადასხვაობა კოლეგებთან მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ან მიმდინარე შეფასებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა. დასკვნას რაც შეეხება, ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ თავიანთ მოსაზრებას გაახმოვანებენ“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.
„განსაკუთრებული ცვლილებები არ ყოფილა. არც ნევროლოგიური, არც სხვა ფიზიოლოგიური მაჩვენებლები არ შეცვლილა. ტემპერატურული რეაქცია აქვს პერიოდულად. წონის საკითხზე ოჯახის წევრები სხვას აცხადებენ, რეალობა სხვა არის და ამ წონაზე საუბარი ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.