თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სახელმწიფოს მხრიდან ღვიძლის ტრანსპლანტაციის 100%-ით დაფინანსების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა.
"ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, უმნიშვნელოვანესია არსებული მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც ეტაპობრივად ძლიერდება.
მივესალმები სიახლეს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრულად დაფინანსების შესახებ, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ოპერაციის საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობას. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა,“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც დადგენილი ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. შემდგომ დაფინანსების რაოდენობა 70 000 ლარით განისაზღვრა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება შეადგენდა 120 000 ლარს, აქედან 70 000 ლარს აფინანსებდა თბილისის მერია.
პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია 100%-ით მთელი საქართველოს მაშტაბით დაფინანსდება, შესაბამისად, თბილისის მერიაც 100%-ით დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას. აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უერთდება.