თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას ატყუებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ ყველგან: კომისიებზე, სხდომებზე და მათ მიერ მართულ მედიებში. ეს განცხადება ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ბევრ ტყუილს და დეზინფორმაციას ვისმენთ თქვენგან კომისიებზეც, სხდომებზეც, თქვენს მართვად მედიებშიც და დღესაც და გუშინაც. მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას ატყუებთ, თითქოს ჩვენ დღეს რაიმე პროექტს ვამტკიცებთ და არა განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ-ს).
სანამ თქვენ ეს ორმაგი სტანდარტები გექნებათ, მანამდე გაყოფილი გეყოლებათ ეს ქვეყანა თქვენიანებად და სხვისიანებად და მანამდე მთელი საქართველოსთვის სხვისიანები იქნებით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ ის გრგ-ები მოსწონთ, რომლებიც მათ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ეხება.
„ლისი დეველოპმენტი მოგწონთ? ხაზარაძის გამო ჭაობად გადაქცეული ლისის ტბა მოგწონთ? სანამ მხოლოდ თქვენთან დაკავშირებული ადამიანების გრგ-ები მოგეწონებათ და არ მოგეწონებათ ისინი, ვინც ამ ქვეყანას განვითარებას მოუტანს, მანამდე სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებით. დამთავრდა ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ამომრჩეველს ატყუებდით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.