„ისტორიული ბიუჯეტი, ანუ ორ მილიარდ ლარზე მეტი ჩვენს ქალაქს არასოდეს ჰქონია“, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნაცვლად ბიუჯეტის მხარდაჭერისა, ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„არაფერი გამოგივათ, ქალაქის მცხოვრებლები კარგად ხედავენ, თუ რისთვის იხარჯება ბიუჯეტი, ხედავენ, თუ როგორ ქალაქში ცხოვრობენ. დღეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტია იმ რაოდენობის, რამდენიც თქვენს დროს მთლიანი ეკონომიკა იყო. მეტიც, თქვენს დროს რამდენიც იყო ბიუჯეტი - 7 მილიარდი ლარი, დღეს ერთ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს. რამდენია საგარეო ვალი? რამდენია საგარეო ვაჭრობა? რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა? რამდენი პროცენტით შემცირდა უმუშევრობა? ეს მონაცემები შეგიძლიათ სტატისტიკის სამსახურში გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ ყველაფერში. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა“,- მიმართა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციას.
მისივე თქმით, საკრებულოში მყოფმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დღეს მათი რჩეული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი და კვლავ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ცდილობთ ხალხი დაარწმუნოთ, რომ 2012-მდე თქვენ არაფერი გაგიფუჭებიათ და ახლა შეიცვალეთ, დაირაზმეთ და ანგელოზებად მოგვევლინებით 2024 წლის არჩევნებზე. ეს ასე არ იქნება! უთხარით ამომრჩევლებს, თუ რა ხდება დღეს ბათუმის, ქუთაისის საკრებულოებში თქვენს ფრაქციებში, რათა ხალხმა განსაჯოს, იმსახურებდით თუ არა იმ მხარდაჭერასაც კი, რომელიც 2021 წლის არჩევნებში მიიღეთ“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.