ყველგან უნდა "ისმოდეს ბავშვის სიცილი", ამბობს ჩვენი პატრიარქი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, მისთვის პატივის მისაგებად აზვირთებულ ხალხის ტალღაში, ბავშვებიც კი მხოლოდ მორიდებული ღიმილით და ხანდახან ადგილზე ხტუნაობით ან მიწაზე დაჯდომით თუ გამოხატავენ ასაკს. მათ გუმანი კარნახობს, რომ ისტორიულ პროცესში მონაწილეობენ და თავშეკავებით იქცევიან. ტალღაში კი ძალიან ბევრი ბავშვია....... - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. 

"ქართველი ერის უწყვეტი და სრულიად მდუმარე, მგლოვიარე ნაკადი ხილული სასწაულია. ერი, რომელიც ყველასგან მხოლოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს.

ოცი წელი გავიდა თითქმის მას შემდეგ, რაც პირველად პატრიარქთან ჩემმა სულიერმა დამ, დედა  ანასტასიამ მიმიყვანა. შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა, რადგან დაძაბულობისგან, მხოლოდ კითხვებზე პასუხს ვახერხებდი. რომ გაიგო, მარტოხელა ვიყავი და, სწავლისა და სტრასბურგში სამსახურის მეტი, არაფერი მებადა, გამეხუმრა: "აგიწყვიათ ცხოვრება, არც ქმარი, არც შვილი..." ეს ისეთი სითბოთი და მხიარულად თქვა, რომ მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ რჩევა უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ კეთილი ხუმრობა. მადლობა უფალს, რომ დღეს, მართალია ერთით, სულ ერთი კინკილა შვილით, მაგრამ მაინც უფრო გამოსწორებულმა, შევძელი, პატივი მიმეგო იმ ღვთიური ადამიანისთვის, ვინც შენ, რიგით მოკვდავს, გეტყოდა  : "როგორ მობუზულხარ შენ, მოდი, ჩემი შალი მოგახურო." - წერს თეა წულუკიანი. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.