სამეგრელოდან თბილისის ზოოპარკში მოხვედრილი წავის მდგომარეობის შესახებ  ზოოპარკი ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ წავი უკვე დიდი გაიზარდა და მისი სქესიც დაზუსტდა. 

"ამ ზაფხულს სამეგრელოში, სოფელ თაიაში ნაპოვნი ციცქნა წავი რომ მოგვიყვანეს ხომ გახსოვთ?

კი ეძახდა ყველა თაიას, მაგრამ ბიჭი აღმოჩნდა და რადგანაც ინგლისურად წავს Otter ჰქვია, ჩვენებმა ოთო დაარქვეს. მეგრული ფესვები რომ არ დაეკარგა სახელი გვარად გადავუკეთეთ და მას შემდეგ ოთარ თაია გახდა. 
 
ჰოდა, ეს ჩვენი ოთო თაია საშემოდგომოდ უკვე კარგად მოღიპული წავი დადგა. რა ქნას, ჭამა უყვარს ძალიან. მენიუც დიდებული აქვს – ნაირგვარი თევზი, მიდიები, კრევეტები, ქათმის ხორცი, კვერცხი, ხაჭო... თევზს, ჩემო ბატონო, ახლად დაჭერილს ამჯობინებს. სათევზაოდ თუ მიდის ვინმე, აუცილებლად მოაქვს მისთვის ნადავლი.   
 
ღიპის ზომის მიუხედავად, ისევ ბავშვია. ასაკითაც, ქცევითაც. უამრავი სათამაშო აქვს და კოტრიალობს, დარბის, ყირაზე გადადის მთელი დღე. ერთი რბილი დათვი ამოიჩემა. ცელქობით რომ იქანცება იმას ეხუტება და მასთან/მასზე/მის გვერდით/მის ქვეშ იძინებს.  

ბევრი რამ გვაქვს კიდევ მოსაყოლი. ისიც უნდა გაჩვენოთ, საბანაოდ როგორ დაგვყავს, ნადირობას როგორ ვასწავლით, მერე როგორ ვამშრალებთ და – „ამოდიიიი ჭამე და ისევ ჩადი“ – სახლისკენ მივერეკებით, მაგრამ დღეს აქ დავასრულებთ. ბევრი კითხვა არ ეხალისება, მოგეხსენებათ, ხალხს და... დანარჩენი შემდეგზე იყოს.