პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეექვსე სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს, ზაზა გოგავას კითხვა დაუსვა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ზაზა გოგავა გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრძანდებოდა, რომელმაც 2006-2007 წლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს განაჩენი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყების შესახებ ბრძანება 9 აგვისტოს გამოსცა, შემდეგ კი 10 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოიცა მეორე ბრძანებაც, სადაც წერია, რომ ომი დასრულდა და საქართველო აღარ იბრძვის. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტების მიხედვით ომი 2 დღე და 2 საათი გაგრძელდა, მაგრამ შეერქვა აგვისტოს 5 დღიანი ომი, რადგან მანამდე პოზიციებს რუსები იკავებდნენ.
„ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ არ იყო ჯარი მზად, ბევრი შეცდომები იყო თქვენამდე დაშვებული. 5-დღიანი ომი უწოდეთ და სინამდვილეში თუ ჩავთვლით, რომ 9 აგვისტოს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება [ომის დაწყების შესახებ], ხოლო 10-ში დილას გამოსცა მეორე ბრძანება, რომ დასრულდა ომი, ჩვენ აღარ ვიბრძვით, ომი გამოდის 2-დღიანი და 2-საათიანი. 5-დღიანი შეერქვა ამ ომს, სანამ რუსებმა პოზიციები დაიკავეს, მაგრამ საქართველომ 2 დღეში დაასრულა ხომ? ჯარის მომზადებაზე თქვით, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ბევრი რაღაცისთვის არ იყო ჯარი მზად. მაინტერესებს, კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, ერთად აშენებდით ქართულ ჯარს, თუ იმას აშენება ჰქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, სადაც დადგენილია უტყუარი დრო - 2006-2007 წლების რამდენიმე სწავლებაზე გამოყოფილი ფული უბრალოდ მიითვისა თუ გააქრო. ის სწავლებები არ ჩატარდა. ეს სასამართლოს მიერ არის დადგენილი და კეზერაშვილი ამას სტრასბურგში გაასაჩივრებდა, ეს რომ ასე არ იყოს. სამკერდე ნიშანი გიკეთიათ იმ სწავლების, რომელიც არ ჩატარდა? ფაქტი ის არის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია და რისი გასაჩივრებაც კეზერაშვილმა სტრასბურგში ვერ გაბედა, რადგან იცოდა, რომ გამტყუნდებოდა,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.