საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა.
მან, ასევე, თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის წარმატებით ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხალხთაშორისი მეგობრობა აკავშირებთ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე და რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შემდგომ გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო უმასპინძლებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას.
მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მნიშვნელობა. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მიერ რეგიონული მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილი.
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.




