საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.

პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი.

როგორც საქართველოს პარლამენტში აღნიშნავენ, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 11 104 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ CNN წერს.

თურქეთში დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 8 574-მდე გაიზარდა, 50 000-ზე მეტი დაშავებულია.

სირიაში სულ მცირე 2 530 ადამიანი დაიღუპა.