საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რეჟისორის, მსახიობისა და პედაგოგის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი წლების განმავლობაში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, სატელევიზიო თეატრის რეჟისორი, ხელოვნების აკადემიის პედაგოგი, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პოეზიის თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და პედაგოგი.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის განხორციელებული დადგმებია: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ", მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა", ილია ჭავჭავაძის „განდეგილი", გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, „ჰარალეთი, ჰარალეთი“, „მხოლოდ ერთი კაცი“, „მფრინავი ხვლიკი ქართულა“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც, ინჩუ ჰამარ", დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და სხვა. შესრულებული აქვს როლები ფილმში „ღიმილის ბიჭები“ და სატელევიზიო დადგმაში „გზაჯვარედინზე“.
საქართველოს კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.