ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შანსის მუზეუმის კოლექციის 36 გამორჩეული ბრინჯაოს ექსპონატი, რომლებიც თითქმის ორ ათასწლეულს მოიცავს (ძვ. წ. XVI ს. – ახ. წ. III ს.).
უძველესი ჩინური ცივილიზაციის განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ბრინჯაოს კულტურამ შეასრულა. მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინური სახელმწიფოს, ხელოვნებისა და კულტურული ტრადიციების ჩამოყალიბებაზე.
„შანსის მუზეუმის კოლექციის საქართველოში გამოფენა ქართველი დამთვალიერებლისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნოს ჩინეთის ბრინჯაოს ცივილიზაციას - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ასეთი
პროექტები აძლიერებს თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის, აღრმავებს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული დიალოგის პროცესს", - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძემ გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე.
გამოფენის გახსნას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
აშოტ სმბატიანი და შანსის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ლანგ იუ ძიუნი ესწრებოდნენ.








