„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ "15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება".

მისი თქმით, "გამოვლინდა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლის და აგიტაციის ფაქტები, რაც არღვევს არჩევნების სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების პრინციპს".როგორც მან აღნიშნა, "საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 27 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში 23, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 11 საჩივარი და ასევე, საიას მისიამ 4 სამართალდარღვევა დააიდენტიფიცირა".

ქურდოვანიძის თქმით, "უბნების შიგნით და პერიმეტრზე გრძელდება ამომრჩეველთა აღრიცხვა. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ბათუმის 34-ე უბნის პერიმეტრზე შეინიშნება მიკროავტობუსით მარკირებული პირების მოყვანის ფაქტი".

"ქუთაისის 43-ე უბანზე ამომრჩეველს სრულყოფილად არ უხსნიან ბიულეტენის შევსების წესს. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა მოუნიშნავი/გაუფერადებელი ბიულეტენი მოათავსა ხმის მთვლელ აპარატში.

ვაკის ოლქის 27-ე უბანზე, ამომრჩეველს, ხმის დაფიქსირების შემდეგ, იმ მიზეზით, რომ პირველი ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში გაიჭედა, ახალი ბიულეტენი მისცეს. მან მეორედ მისცა ხმა ახალი ბიულეტენით. თუმცა, საბოლოოდ, ტექნიკური პერსონალის მოსვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ხმის მთვლელი აპარატი მწყობრში იყო და მიღებული ჰქონდა პირველი ბიულეტენიც.

საჩხერის მე-5 უბანზე ამომრჩეველს არ მიეცა არასწორად გაფერადებული ბიულეტენის გამოცვლის შესაძლებლობა. კერძოდ, თავმჯდომარემ უარი განაცხადა ახალი ბიულეტენის გაცემაზე და თავად მოათავსა ბიულეტენი აპარატში.

ხმის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ, მარნეულის ოლქის მე-12 უბანზე ხმის მიცემის კაბინასთან იდგა კომისიის წევრი, რომელიც ამომრჩეველს მიუთითებდა, ვისთვის მიეცა ხმა. ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად დგას ადგილობრივი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. საიას საჩივრით მოთხოვნილია ამ უბანზე კენჭისყრის პროცესების დახურვა და უბნის ბათილობა. მარნეულის 22-ე და წალკის 32-ე საარჩევნო უბნებზე განთავსებულ ხმის მიცემის კაბინაში ერთდროულად შედიოდა რამდენიმე პირი, რაც რამდენჯერმე განმეორდა. საბურთალოს ოლქის 81-ე უბნის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ფოტოს უღებდა ამომრჩევლის ბიულეტენს. ქუთაისის ოლქის ერთ-ერთ უბანზე წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანდა ხმის მთვლელი აპარატი და ხარვეზებით მუშაობს. აპარატი არ იღებს ამოტრიალებულ ბიულეტენებს, რის გამოც, ამომრჩევლები ხმას აფიქსირებენ ისე, რომ ზედაპირზე ჩანს გაფერადებული/მონიშნული წრე.

დარღვევები გამოვლინდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში. თელავის ოლქის 29-ე საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთს, წილისყრით განაწილებული პირების ნაცვლად, არაუფლებამოსილი პირები გაჰყვნენ. ამ დროისთვის ვერ ხერხდება მათთან დაკავშირება.

საბურთალოს ოლქის 73-ე უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში, რის შემდეგაც კომისიამ ის გააბათილა.

გლდანის ოლქის 63-ე უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ ერთით ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა გამოუყენებელ ბიულეტენებში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. სამინისტროს სოციალური გვერდის საშუალებით, მინისტრმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააზიარა.

მისიამ კვლავ აღრიცხა საიას დამკვირვებლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნებზე. ბათუმის 45-ე უბნის პერიმეტრზე საიას დამკვირვებელს პარტია „ქართული ოცნების” შტაბის წევრი დაემუქრა. ნაძალადევის მე-15 უბნის პერიმეტრზე საიას დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიები ჰქონდა. საბურთალოს ოლქის 81-ე უბნის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საიას დამკვირვებლის საჩივარი არ დაარეგისტრირეს და უბნიდან გამოაძევეს. ქობულეთის 45-ე უბნის პერიმეტრზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საიას დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ბათუმის 37-ე უბანზე დამკვირვებელს აუკრძალეს ფოტო-ვიდეო გადაღება. ისნის მე-6 და 11-ე უბნებზე საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გადაღების უფლებას. ხოლო, გარდაბნის 48-ე უბანზე დამკვირვებლის საჩივარს არ არეგისტრირებენ.

საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ:

ბაღდათის ოლქის 23-ე უბანზე შეიჭრა უცნობი პირი, რომელმაც დააზიანა ძირითადი საარჩევნო ყუთები და ხმის მთვლელი აპარატები. ამ ქმედებით სავარაუდოდ მოხდა საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, რაც დასჯადია სისხლის სამართლის წესით.

მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, ძალადობრივად ჩაყარეს ბიულეტენები საარჩევნო ყუთში, ამასთანავე, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა დამკვირვებელზე. ეს ფაქტები შეიცავს საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში შესაძლო ხელშეშლის და ძალადობის ნიშნებს.

მარნეულის 74-ე, ახმეტის - მატნის მე-11 და გორის 22-ე, ისნის მე-9, ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა ფიზიკური ძალადობის შემთხვევები (ზოგ შემთხვევაში - ჯგუფურად) დამკვირვებლებზე (ზოგ შემთხვევაში - ოპოზიციის წარმომადგენლებზე). მომხდარი შეიცავს სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ნიშნებს, კერძოდ, კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას (ზოგ შემთხვევაში - ჩადენილი ჯგუფურად).

გორის 84-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მცდელობა და მუქარა ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე.

გარდაბნის 33-ე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, ამომრჩეველს რამდენიმე პირი თავზე ადგას და მიუთითებს, გააფერადოს წრე კონკრეტული პარტიის გასწვრივ.

საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნება აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით.

გამოვლინდა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებიც. ქუთაისის მე-2 საარჩევნო უბანზე ჟურნალისტ გიგა გელხვიძეს სცემეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა ადგილზე საარჩევნო სიებიანი ადამიანები აღმოაჩინა.

ამასთანავე, თელავის რაიონის ქვემო ხოდაშენში თავს დაესხნენ „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ტვ პირველის” ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. თავდასხმის შედეგად, ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა სრულად დამტვრეულია.

საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას.

"ცხელ ხაზზე" აქტიურად გვიკავშირდებიან მოქალაქეები და მათ მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების შესახებ გვატყობინებენ. მიღებული ინფორმაციით:

აბაშის ოლქის სოფლებიდან შერჩევით ხდება ამომრჩეველთა ტრანსპორტირება საარჩევნო უბნამდე;

თბილისში სარკინეთის ქუჩაზე მოქალაქის მიერ დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტოვების შემთხვევა, რომელსაც არ ახლდნენ კომისიის წევრები, თუმცა ყუთში მოთავსებული იყო ბიულეტენები.

ისნის მე-9 და მე-10 საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზებულნი არიან მოქალაქეები, რომლებიც აღრიცხავენ საარჩევნო უბანზე მოქალაქეების გამოცხადებას. ასევე, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე;

დუშეთის ოლქში, ქალაქის უბნებსა და სოფელ ჟინვალში არსებულ საარჩევნო უბანზე დარღვეულია 100-მეტრიანი რადიუსის დაცვის საკანონმდებლო მოთხოვნა. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილი პირები ცდილობენ მოქალაქეთა არჩევანის გამორკვევას,“ - განაცხადა ქურდოვანიძემ.