საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:30-დან 03:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზის ხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.