პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ“, - ამის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ყველა არხი ატრიალებს ერთი და იმავეს, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ, შევლენ მაგნიტსკის სიაში, დასაჭერ სიაში და ასე შემდეგ. პაციენტს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, არ მახსოვს, რომელი არხი იყო. წნევას ვუზომავდი, როდესაც პაციენტი ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა: „აი, ნონა დავიჭიროთ“. ეს ჩემთვის სტრესი იყო, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ წნევის აპარატს ხელი გავუშვი და ვკითხე კიდევაც: „რატომ?“. ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ეს“, - განაცხადა მედდამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევამდე ასევე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მედდა აცხადებს, რომ მისი სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც იგი სააკაშვილმა თავისთან პალატაში იხმო. პალატაში მყოფმა ხაჭაპურიძემ მას კითხვები დაუსვა და ტელეფონის ნომერი გამოართვა. ადვოკატმა განუცხადა, რომ იგი შეყვანილია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში.

„ექთანს ევალება დანიშნულების შესრულება და ამიტომ ჩემთვის იყო ცოტა გაუგებარი, რა მიზეზით უნდა წავიდე სასამართლოზე დასაკითხად“, - განაცხადა მედდამ.