აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი გადასარჩენია და ხალხს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ასევე შეკრებილი იყვნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან. „ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილებმა მოგვიანებით მსვლელობით გადაინაცვლეს საკანონმდებლო ორგანოსთან და იქ მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ამბობენ ევროკავშირიდან გრანტზე, განაგრძობენ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მისცემენ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.