გავავრცელებ მოკლე მიმართვას მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდადებულ სააკაშვილისთვის უკანონოდ თავისუფლების მოპოვებას. კრახით დასრულებული მილიონდოლარიანი ცილისმწამებლური კამპანიის, ქართული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით მსჯავრდადებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები. - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

" ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული, მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდადებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე. იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითაც პირველ რიგში სწორედ საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ დიდ შეურაცხყოფას, და საგაზაფხულო სესიის დახურვისას საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. სწორედ ამ „პოლიტიკოსებს“ სურთ მსჯავრდადებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების თუნდაც ძალიან მცირე ხნით გადავადება. ჩვენ, როგორც ადრე, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის ინფორმირებას და სიმართლის თქმას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას. საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მოგახსენებთ, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მისი გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად სააკაშვილსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.