დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ერთად უნდა აღვნიშნოთ პარიზის ოლიმპიადიდან და პარალიმპიადიდან დაბრუნებული ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რომელიც მათ ქართველ ხალხს მიანიჭეს და გადავცეთ მათ სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის დაფასებას, ხალხის სიყვარულსა და მადლიერებას. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"თქვენი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო საქართველოს სახელი და დაინახა ჩვენი ქვეყნის სახე. ჩვენი სპორტსმენების შედეგები ადასტურებს, რომ რიცხობრივად უფრო დიდ ქვეყნებსაც შესაძლოა, გავუტოლდეთ, თუკი შემართებით ვიქნებით, თავდადებით, პროფესიონალიზმით, მიზანმიმართული დაუღალავი შრომით და ერთობით!
ჩვენ ამ წელს ევროპიდან მივიღეთ სერიოზული შედეგი და დიდი იმედი. ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვიზეიმეთ არამხოლოდ ცალკეული სპორტსმენის გამარჯვება, არამედ ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.
ალბათ, არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება! როცა უყურებ, რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად ზეიმობს, ერთად დგას! ეს არის სპორტის უდიდესი ძალა - ადამიანები გაახაროს და გააერთიანოს და ასეც მოხდა!
ერთობა იმაშიც გამოჩნდა, როცა ჩვენმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა გვაჩვენეს, რომ გამარჯვება არ არის ფიზიკური შესაძლებლობების საზღვრებში მოქცეული. დღეს ამიტომ მინდოდა, ერთობლივად გვეზეიმა მათი გამარჯვება და სახალხო ზეიმი ამას ემსახურება. სამაგალითოცაა - მაგალითი ინკლუზიურობის და თანასწორობის! სწორედ ესაა ძალა საზოგადოების, რომელიც არ ეპუება არც დისკრიმინაციას, არც დაყოფას.
მიმაჩნია, რომ ასეთი სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, თუ არსებული პოლარიზაციისა მაინც შეგვიძლია ერთად გვიხაროდეს. ამით საზოგადოება საკუთარ ძალას და ღირსებას ავლენს.
და თქვენ, სპორტსმენებო! გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გღებულობთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არამხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოებით და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული! დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება.
და კიდევ, ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში, თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის. მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის.
მინდა სულით და გულით ყველას მოგილოცოთ და აქ შეკრებილ საზოგადოებას მივულოცო ეს დიდი გამარჯვება, ეს დიდი სიხარული, ეს დიდი სიყვარული!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.