კვირას მზიურის ცენტრალის შესასვლელში "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ „ბარაკებში“ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს. როგორც "აიპრესთან" საუბრისას ფერაძემ განაცხადა, მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონაში ინვესტორი სამი 20 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, რაც მიისვე შეფასებით სრულიად დაუშვებელია. 

მობინადრეები, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიის კანონიერი მფლობელები არიან ერთსულოვნად არიან თანახმანი ინვესტორის პირობებზე, თუმცა ნატა ფერაძე იმედოვნებს, რომ მათ გადაარწმუნებს.

ფერაძის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბარაკული სახის საცხოვრებლებია განლაგებული, რომელთა მოსახლეობამ "პარტიზან მებაღეებს" აქციის დაანონსების გამო სოციალურ ქსელში აგრესიული წერილი მიწერა. როგორც ფერაძე აცხადებს, აგრესიის მიზეზი ის იყო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ინვესტორის შეთავაზება მისაღებია. 

"ეს არის აქციის მოსამზადებელი შეკრება, სადაც გვინდა, რომ არ იყოს "პარტიზანული მებაღეობის" ძველი გუნდით დაკომპლექტებული და გვინდა, რომ მეტი ხალხი ჩაერთოსორგანიზებაში. ეს არის გაცნობითი შეხვედრა, სადაც ველით ახალ ორგანიზატორებს, ასევე ველით იმ ადგილის მოსახლეობას, სადაც აშენებას აპირებენ. ეს არის საკმაოდ დიდი ფართი. მისი ნაწილი არის ძველი შენობები ბარაკული სახის და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობას ცხოვრების გაუსაძლისი პირობები აქვს, კანალიზაციაც კი არ არის შეყვანილი, თუმცა ინვესტორი ახლანდელი პროექტით არ ჯერდება იმ ფართს, სადაც ბარაკებია და გადმოდის სარეკრეაციო ზონაში, მზიურში. სარეკრეაციო ზონა 2-ში საკმაოდ დიდ ფართზე აპირებს, რომ სამი 20 სართულიანი კორპუსი დადგას, რაც სრულიად დაუშვებელია. თუმცა, ასევე დაუშვებელია მოსახლეობის დისკრიმინაცია და დატოვება ამ პირობებში. გვინდა, გავაცნოთ იმ ადამიანებს. ეს უკვე დამტკიცებულია საკრებულოში ეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, სრულიად დაუშვებელი. უნდა მოვითხოვოთ, რომ სახელმწიფომ გასცეს სამშენებლო ნებართვა ისე, რომ იქ აშენდეს ისეთი ზომის სახლები, რომელიც გაუძლებს იმ ადგილს. 

ეს ქუჩა, რომლიდანაც ამ სახლებიდან იქნება შესასვლელი არის მაგისტრალთან დამაკავშირებელი ძალიან ვიწრო ქუჩა და ვერ გაუძლებს ვერც მანქანების ნაკადი, ვერც პარკირება, სახელმწიფო უნდა დავავალდებულოთ, რომ გასცეს ადეკვატური სამშენებლო დავალება ისე, რომ დაკმაყოფილდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ისე, რომ ეს არ იქნას გადაჭრილი სარეკრეაციო ზონაში. 

ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯერ არ გქონიათ შეხვედრა? მათი აზრი და განწყობა როგორია?

ადგილობრივმა მოსახლეობამ ძალიან აგრესიული წერილი მოგვწერა Facebook-ზე როდესაც გაიგეს, რომ აქციას ვგეგმავდით. ძალიან კარგი ქნეს რომ მოგვწერეს. მგონი, ნაწილობრივ დავარწმუნეთ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მტრები და პირიქით.

რა იყო მათი თქვენდამი აგრესიის მიზეზი?

მოგვმართავდნენ, რომ ჩვენ ამაში ვიღებთ ფულს. არ ვიცი, რამდენად დაიჯერეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მომიწია იმის ახსნა, რომ ჩვენ არ ვართ არავის მიერ დაქირავებული, ამაში ხელფასი არ გვაქვს და ვართ სრულიად მოხალისეები. მათთან ერთად, მათივე შვილებისთვის უკეთეს ქალაქზე უნდა ვიზრუნოთ ერთად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, კიდევ უფრო კარგად შევძლებთ კვირას, რომ ეს ყველაფერი ავუხსნათ. ჩვენ არ ვართ მოსახლეობის მტრები, პირიქით, გვინდა ქალაქისთვის უკეთესი. იქ ნამდვილად იძლევა ფართი იმის საშუალებას, რომ ინვესტორმა დააკმაყოფილოს ადგილობრივი მაცხოვრებლები და კიდევ ზევიდან დარჩეს მოგება ისე, რომ ეს ქალაქს არ დაეტყოს. 

რა ინფორმაცია გაქვთ, მოსახლეობიდან ყველა კმაყოფილია ინვესტორის შეთავაზებით? ისინი ხომ კერძო მესაკუთრეები არიან და მათ აქვთ თავიანთი უფლებები. 

სრულად მოსახლეობის აზრი არ მომისმენია. ერთი წარმომადგენელი მესაუბრა და ჩემი ვარაუდით, ალბათ, ყველა თანახმა იქნება იმიტომ, რომ მართლა უმძიმესი პირობები აქვთ. თუმცა, თუ ჩვენ ავუხსნით მოსახლეობას, რომ შესაძლებელია მათი პირობების გაუმჯობესება ისე, რომ ეს ქალაქზე არ აისახოს, მგონი, ამაზე არ უნდა იყვნენ წინააღმდეგი. სამი 20 სართულიანი სახლი ნუ დაიდგმება და დაიდგას, ვთქვათ, ორი 8 სართულიანი, სადაც თავისუფლად დაეტევა ერთ კორპუსში მოსახლეობა და მეორეში ბიზნესიც ნახავს თავის მოგებას.

პირდაპირ მზიურში იჭრება. ჭავჭავაძის გამზირთან შემოდის და მთლიანად ვიქნებით იმ სახლების ჩრდილში და მანქანების გამონაბოლქვში. 

აქციაზე ჩვენთან ერთად იქნება ზურაბ ბაქრაძე, რომელიც "პარტიზანული მებაღეების" პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად არის და მოუყვება, როგორც პროფესიონალი, ქალაქმგეგმარებელი, რამდენად დაუშვებელია დაგეგმარების კონტექსტიდან ამოგლეჯილად მშენებლობების ასე დაშვება. ეს ყველაფერი ხდება ნარმანიას დაპირების მერე, რომ სარეკრეაციო ზონები გაიზრდება. სარეკრეაციო ზონაში აძლევენ მშენებლობის ნებართვას, რაც არის კატეგორიულად დაუშვებელი ქალაქისთვის. 

რაიმე დოკუმენტში არის ასახული, რომ მშენებლობა სარეკრეაციო ზონაში გადმოდის?

კი, როგორ არა. ძალიან თვალსაჩინოდ გადასულია სარეკრეაციო ზონა 2-ში. Facebook გვერდზეც გვიდევს "სქრინშოთი" მერიის გვერდიდან, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ გადასულია სარეკრეაციო ზონა 2-ში. დაახლოებით 1/3-ზე მეტი გადადის სარეკრეაციო ზონაში. 

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია, ცოტა ხნის წინ სონღულაშვილმა შეიტანა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა, სადაც ითხოვდა ხეების ჭრის გამარტივებას და ამ შემთხვევაში ზუსტად სონღულაშვილის ძმა გვევლინება ინვესტორად, რომელსაც მზიურში ამის აშენება უნდა.