საქართველოს საპატრიარქომ ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც სინოდის წევრები ილია მეორესთან აღსაყდრების 47 წლისთავის აღსანიშნად შეიკრიბნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ“, – განაცხადა პატრიარქმა

შეხვედრაზე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ილია მეორეს მიმართა: „ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რაც ახლა შეიძლება, თანამედროვე ადამიანმა ვერ გაიგოს, რას ნიშნავს, თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ფოკაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ქართული სიტყვის ქადაგება მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ეს მხარე თითქმის დაკარგული იყო ქართველებისთვის“, რაზედაც პატრიარქმა განაცხადა:

„იქ გადაკეტილი იყო, პოსტი იდგა და წავედით მანქანებით, რომ გავსულიყავით. არ გაგვიშვეს. მე ვუთხარი, საქართველოს პატრიარქი ვარ. მე მაქვს უფლება, გავიდე. არ გაქვთო. და მერე გადავწყვიტეთ, რომ სახლი შეგვეძინა. იყო თავმჯდომარე ქართველი კაცი, ის მხარს გვიჭერდა. როდესაც ფორმდებოდა სახლის საბუთი, მთელი სოფელი შეიკრიბა ჩვენს ეზოში. პატრონს ლანძღავდნენ, რატომ ყიდი ქართველებზეო. მე ვგრძნობდი, რომ ეს წინააღმდეგობა იქნებოდა და მე გამოვედი და ვუთხარი ხალხს: რატომ გვკარგავთ? ჩვენ თქვენთვისაც ვიშრომებთ და გავაფორმეთ სახლი. ახლა გვეხვეწებიან იყიდეთ სახლები. და ამოვეწერე თბილისიდან და ჩავეწერე ფოკაში. ასე დაიწყო ჩვენი სვლა“, – განაცხადა  ილია მეორემ.