თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრა.
,,ყველანი შეძრულები ვართ მომხდარით, თუმცა, ვფიქრობ, ამ ტრაგიკული შემთხვევის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება. მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ექსპერტიზა ჩატარდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება, თუ რა მოხდა რეალურად ‘’,-აღნიშნა ნიკო კახათელიძემ. საკრებულოს წევრი ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ტენდერი კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. მისივე ინფორმაციით, პროცესზე მთლიანად პასუხისმგებელი შესყიდვების სააგენტო იყო, რომელსაც შენიშვნები არ ქონია. ,,რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ის არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და ამ შემთხვევაშიც, კახი კალაძე ყველა შეკითხვაზე პასუხს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გასცემს. ადამიანის გამტყუნება, იქნება ეს რიგითი შემდუღებელი თუ კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გაამოძიების დასრულებამდე ძალიან სარისკოა. ამიტომ ჩემი, როგორც ინჟინრის მეგობრული რჩევაა, ვიყოთ სამართლიანები, რადგან საკითხის პოლიტიზირება ყველას მხოლოდ დააზარალებს. ჩვენ კი, როგორც საკრებულოს წევრებს გვაქვს პასუხისმგებლობა, ნაადრევი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ’’, -განაცხადა დეპუტატმა.