კუმ ფეხი გამოყო...
სალომე ზურაბიშვილი მეხუთე და საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი სამი პრეზიდენტი (გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი) წინააღმდეგობრივი ფიგურები იყვნენ, უდავოა, რომ ყველა მათგანს ჰქონდა თავისი ქარიზმა.
ბოლო ორი პრეზიდენტი (მარგველაშვილი და ზურაბიშვილი) კი იმდენად უსახური, დაბალრეიტინგიანი ფიგურები არიან, რომ წინასაარჩევნოდ ერთი პლასტელინობას იჩემებდა და ამით ამომრჩეველს თავს აცოდებდა, ხოლო მეორე სარეკლამო ბანერებზე, საკუთარის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს ქვემოთ თავისი გვარ-სახელის მიწერას ამჯობინებდა. ამიტომაც ყოველი მათი საჯარო განცხადებისას, ხალხს სათაურში გამოტანილი ანდაზა გვახსენდება. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე წერს.
"თუ პირველმა სამმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით შეიქმნა მომხრეებში ავტორიტეტი და მაღალი რეიტინგი, ბოლო ორი სხვებმა აქციეს პოლიტიკურ ფიგურებად და როდესაც დამოუკიდებელ პოლიტიკოსებად მოინდომეს წარმოჩენა, საკუთარი "პრინციპული" პოზიციების დაფიქსირება, საზოგადოება ამას სრულიად გულგრილად შეხვდა და მათი პოზიციების შეფასება მხოლოდ იმ კუთხით დაიწყო, თუ რამდენად ემთხვეოდა ან ეწინააღმდეგებოდა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოზიციას, რომელი ძალა იყენებდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში მათ „პრინციპულობას“.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საქართველოში საკუთარი ურეიტინგობა უცხოეთის ქვეყნებში, რაღაც პოზიციების მოპოვებით დააკომპენსიროს, რასაც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო და იმ ქვეყნების სასარგებლო ინტერესების გატარების სანაცვლოდ აღწევს.
ქართულ საზოგადოებას ზურაბიშვილი უცნაური, გაუგებარი, უმადური განცხადებებითა და მხოლოდ მისი შვილების კეთილდღეობის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით ახსოვს.
ამერიკული ტურნედან ახლახანს დაბრუნებული მადამ პრეზიდენტი,ერთ-ერთი ოპიზიციური ტელევიზიის ეთერში ვრცელი ინტერვიუთი გამოჩნდა და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი და უმრავლესობის ახალგაზრდა გუნდი( "პატარა ბიჭები") შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი დააფიქსირა და პრემიერს ჟურნალისტ დიან ტრაპაიძესთან უჩივლა, არ მეკონტაქტებაო.
"ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი" - განაცხადა პრეზიდენტმა. ალბათ მეხსიერების პრობლემებმა სულ მთლად გადაავიწყეს, წინასაარჩევნო ბანერებზე, მისი სახელისა და გვარის თავზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის სახე, რომელმაც ის საქართველოს პრეზიდენტად აქცია.
მან არ გამორიცხა "თავისუფალი სიტყვისთვის მოწამე" ნიკა გვარამიას შეწყალება. სიმულანტ სააკაშვილზე განაცხადა, რომ ყოველდღიურად ეცნობა დედა გიულის მიერ შვილისთვის მიტანილი საკვების შემადგენლობას, მის ოდენობას და ასე ადგენს თაღლითის მდგომარეობის სასიცოცხლო პარამეტრებს.
როგორც ჩანს, ამ ყველაფრისთვის და კიდევ ალბათ სხვა რაღაცეებისთვის (ჩვენ რომ ჯერ არ ვიცით) აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა შეაქო სალომე და განაცხადა: “პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, ის ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ”.
აშშ-ს ელჩის და სხვა უცხოელი პოლიტიკოსებისგან სალომეს ქების მიზანია მისი სიტყვებისთვის გარკვეული პოლიტიკური წონის მინიჭება.
მსოფლიოს ისტორიაში, სალომე ზურაბიშვილი, ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში ყველა აგინებს (ხელისუფლება, ხალხი, ოპოზიცია)და უცხო ქვეყნების ხელისუფლებები კი აქებენ.
საქართველოს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის არც ერთი ნათესავი საქართველოში არ ცხოვრობს, მათ შორის არც შვილები. მას სამშობლოსთან არაფერი აკავშირებს. მისი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან მხოლოდ პრეზიდენტის თანამდებობაა, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ თვითონაც დატოვებს ქვეყანას.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტი ერქმევა, მთავარსარდალი თუ გენერალი, ის და მისი მსგავსი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსების შეფასებები, ქვეყნისათვის საჭირბოროტო პრობლემაზე
ქართული საზოგადოების მხრიდან მუდამ აღიქმება ასე: „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო“." - წერს ნანა კაკაბაძე: