ერთ შემთხვევაზე ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტს გაეწია სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია, პოზიტიური დინამიკაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ერთი შემთხვევა იყო, რომლის გარემოებებთან დაკავშირებითაც აქტიურად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება გაეწია, უკლებლივ ყველა მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ვფიქრობთ, ახლო მომავალში გვექნება სრულფასოვანი სურათი, რომლის შედეგადაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ მის ჯანმრთელობას პრობლემა არ გააჩნია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ამ პაციენტთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაკეთდა არაერთი განცხადება და შეფასება.

„მნიშვნელოვანია, ეს გარემოებაც თავიდან ბოლომდე იყოს შესწავლილი, გამოკვლეული სათანადო დონეზე, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდესაც კონკრეტულმა პირებმა უშუალოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მიიყვანეს, ამ პაციენტმა თქვა, რომ დაზიანება შუშხუნა ფოიერვერკის აფეთქების შედეგად მიიღო, მთლიანად, თუ მხოლოდ მისი ნაწილი მომხვდაო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო მისი განცხადება. რა როგორ არის და რეალურად რა დაზიანებებზე გვექნება საუბარი, ბუნებრივია გაირკვევა, პასუხგაუცემელი არაფერი არ დარჩება. მთავარია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არის ისეთი, რომ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.