ლუკა სირაძის ძმა: მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა და დაცინვაა

1628161013
მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა და დაცინვაა, - ამის შესახებ 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმამ ბექა სირაძემ განაცხადა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო აღძრული და სასჯელს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი იხდიდა.
"მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მე პირადად და ჩემმა ოჯახმა გავიგეთ დღეს დილას, ესეც მედიასაშულებებიდან და ოფიციალური განცხადება არავის არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა ჩემი ოჯახისთვის ეს არის შეურაცხყოფა და დამცინავი ფაქტი კომისიის მხრიდან. მათ არ გაუთვალისწინებიათ ის დანაშაულები, რაც მარინა ჩოლიანს მანამდე ჰქონდა ჩადენილი თუ მის მერე ჩაიდინა. ის გაათავისუფლეს კარგი ქცევისთვის. ჩემი აზრით ქვეყანაში სხვა პროცესებია და ყურადღება სხვა პროცესებზეა გადართული, ამის გამო მარინა ჩოლოიანი გამოაძვრინეს ციხიდან.
ჩოლოაიანი დიდი ხანი მუშაობდა სტრუქტურაში და მას ეყოლება მეგობრები მაღალ ეშელონებში და ჩემი აზრით მათი ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ. არ ვიცი, რამდენად სამართლიანი შეიძლება ვუწოდო. არ შეიძლება სკოლის მოსწავლესავით აპატიო დანაშაული და კარგი ყოფაქცევისთვის ათიანი დაუწერო. მარინა ჩოლოიანთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სასჯელს დაუმატებდნე, არათი ასე მალე გამოუშვებდნენ.
არ ვიცი უდოს წევრები რა ადამიანები არიან და რამდენად იციან სამართალი, მაგრამ იმედი მაქვს, სახლში რომ მივლენ და ბავშვებს თვალებში ჩახედავენ, იფიქრებენ, რომ მე ამ ბავშვის მკვლელი სწორად გავათავისუფლეო", - თქვა ბექა სირაძემ.
მისი თქმით, დანარჩენი პოლიციელებიც ფიგურირებდნენ, რომელსაც გენერალური ინსპექცია იკველვს.
"ეს უწყება იგივე შსს-ს დაქვემდებარებაშია და დეტალებს არ ასაჯაროებენ, როგორ მიმდინარეობს დისციპლინარული დევნა. ეს შიდა სამსახურეობრივი სტრუქტურაა და ჩუმად მოაგვარეს ეს ყველაფერი. ზოგი პოლიციელი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს, ზოგი ისევ აქ მუშაობს და ა. შ. ჩვეულებრივი სპექტაკლია და არაფერი განსაკუთრებული", - აღნიშნა ბექა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 7 სექტემბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა.
2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.