სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს არ მიუმართავს.

მისივე თქმით, ამის გამო აპარატმა დამოუკიდებლად დაიწყო წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება და გარკვეულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მოკვლევა, რომელიც აღწერილია დოკუმენტში, რომელიც 50-მდე ფაქტს მოიცავს.

"ჩვენ გავრცელებულ ინფორმაციაზე [პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით] მოვახდინეთ რეაგირება, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე უნდა იყოს რეაგირება. თუმცა, ჩვენთან [რომ შემოსულიყო] რაიმე ტიპის განცხადება, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, ან ვინმე ფიზიკური პირი, რომელიც მოვიდოდა და განგვიცხადებდა ამის შესახებ, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია.

ზოგადად, სახალხო დამცველის აპარატში არ არის წარმოდგენილი არცერთი განცხადება წინასაარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები რომ არ იყო წარმოდგენილი. ჩვენ, პერიოდულად, მივმართავდით პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ წარმოედგინათ. ამიტომ, დავიწყეთ ჩვენ თვითონ ამ გარემოს დაკვირვება და მოკვლევა იმ ფაქტების, რომელიც შეიძლება პრობლემურ ხასიათს ატარებდა. აღვწერეთ იმ დოკუმენტში, რომელიც ახლა უკვე 50-მდე ფაქტს მოიცავს რომელთაგან, საბოლოო ჯამში, ნაწილი იქნება გამოსაძიებელი და ნაწილზე ალბათ მივიღებთ პასუხს, ჰქონდა თუ არა ასეთ რამეს საერთოდ ადგილი.

არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მოუმართავთ, განცხადება არ აქვთ წარმოდგენილი. მათი მხრიდან ამ სიჩუმემ თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მოგვცა ბიძგი, რომ ჩვენ თვითონ დაგვეწყო ამ საკითხების გამოკვლევა. კარგია, თუ თვითონ მოგვმართავენ, წარმოადგენენ მტკიცებულებებს და მათზე დაყრდნობით ჩვენ შევძლებთ, ყველა კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია," - აცხადებს ლევან იოსელიანი “დღის კურიერში”