„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლაშა გეგეჭკორი თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელ“ წევრს დავით ზურაბიშვილს მუქარაში ადანაშაულებს.

როგორც გეგეჭკორი „აიპრესთან“ აცხადებს, მუქარის მიზეზი მიმდინარე წლის 17 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დრო“-ში გასული სიუჟეტია. 

„იმედის დრო“-ში გავიდა ჩემი შვილის, ჟურნალისტ ცოტნე გეგეჭკორის სიუჟეტი სულხან წულაძის, ფორუმელი იუზერის-„სპლიყვის“ შესახებ.
ამ გადაცემის „ლინკი“ თავის facebook-ის გვერდზე დადო ჩემმა ერთ-ერთმა ფბ-ს მეგობარმა, სადაც, მითითებით, რომ ის ჩემი, ლაშა გეგეჭკორის შვილის სიუჟეტია, ასევე დააკომენტარა მეორე მეგობარმა.აქვე, ამ სტატუსის ქვეშ შემოვიდა საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც  დაწერა: "ლაშა გეგეჭკორი არსად დაგეკარგოთ, ეგ კაცი მოიშორეთ დროზე. მე პირადად სადმე თუ გადამეყარა, შეიძლება ცუდად დამთავრდეს ეგ ამბავი...“ ანუ, მეგობრებს მოუწოდა, მომიშორონ მე, როგორც ფბ-ს მეგობარი“, - განაცხადა ლაშა გეგეჭკორმა.

„აიპრესთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ამბობს, რომ დედაქალაქის საკრებულოს წევრის დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილი კომენტარის „სქრინი“ შსს-ში გადააგზავნა.

„ზურაბიშვილის კომენტარის მეორე ნაწილს მე აღვიქვამ რეალურ საფრთხეს საჯარო პირის მიერ ჩემი, როგორც მოქალაქის მიმართ.
ასევე, მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და ხშირად მიწევს ურთიერთობა საკრებულოსა და მერიაში. რა ვქნა-ვემალო დეპუტატს, რათა თავიდან ავიცილო ფიზიკური დაპირისპირება?!

ლინკის „სქრინი“ გადავუგზავნე შსს-ს, რეაგირება არ მოჰყოლია. გადავუგზავნე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ქალბატონ ხათუნა სამნიძეს, რომელმაც მიპასუხა და მკითხა, რას მოვითხოვდი მისგან.

ვსვამ შეკითხვას: აქვს თუ არა უფლება, საკრებულოს დეპუტატს, საჯარო მოხელეს, რომელიც ხელფასს იღებს მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან, ღიად, სოციალურ ქსელში ფიზიკური (მე ასე მივიჩნიე) მუქარა განახორციელოს მოქალაქის მიმართ? ვითხოვ-განმარტოს მუქარის მოტივი, წინაპირობა და ა.შ.

შსს-სგან ვითხოვ, ჩამოართვას ახსნა-განმარტება დავით ზურაბიშვილს და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ქმედებები. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს კი ვთხოვ, გააკეთონ კომენტარი, რამდენად ჯდება მორალურ ფარგლებში მათი კოლეგის ამგვარი საქციელი.

ჩემი მხრიდან შემიძლია ვივარაუდო შემდეგი, შარშან მოხდა ასეთი ფაქტი:

მე უსუფაშვილის მამიდაშვილთან მოგებული მაქვს სასამართლო დავა, მის 100%-იან მფლობელობაში არსებულ კომპანიას დაეკისრა სახელფასო დავალიანების 20 400 ლარის ჩემს სასარგებლოდ გადახდა. ამ პირმა დანაშაულებრივად შეცდომაში შეიყვანა აღსრულების ეროვნული ბიურო, რის გამოს საქმე ბიურომ გადასცა პროკურატურას, ეს იყო 2012 წლის გაზაფხულზე. აღიძრა საქმე და იჭერდნენ ჩემს მოვალეს. ის, თუ მანამდე აგდებულად პასუხობდა ჩემს სატელეფონო ზარებს-ამის შემდეგ, მომნახა, მომაკითხა სახლში და მთხოვა, რომ გადაიხდიდა ნელ-ნელა ანუ, მთხოვა წავყოლოდი აღსრულების ეროვნულ ბიუროში და გაგვეწერა გადახდის გრაფიკი. ასეც მოხდა, წავედით და გაფორმდა გრაფიკი. გადაიხადა ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერში შეწყვიტა. მისი ადვოკატი გახლავთ გიორგი უსუფაშვილი, დავით უსუფაშვილის ძმა. ოქტომბრის ბოლოს დარეკა გ.უსუფაშვილმა და განაცხადა: ჩვენ ამ ვალს აღარ ვიხდით და გეგეჭკორი ჭკუაზე იყოს, რომ არ დავიჭიროთო!

მოვალე კომპანიის მფლობელი მათი მამიდაშვილია-ზურაბ ნავროზაშვილი. მე ეს ყველაფერი დავუკავშირე მათ გავლენას ხელისუფლებაში და დავიწყე საპროტესტო აქცია აღსრულების ბიუროსთან, რადგან მათ 3 წლის განმავლობაში ეძინათ. ეს დაიბეჭდა საინფორმაციო საშუალებებში. დავდე ერთ-ერთი ლინკი ჩემს კედელზე და დავით ზურაბიშვილმა-ნაძირალა ხარო, შემომივარდა. გავაგდე ჩემი კედლიდან. სულ ეს იყო...
იქნებ იმაზეა „გაბრაზებული“ ბატონი დავითი, შარშან „რესპუბლიკური პარტია“ რომ დავტოვე?!“, - განაცხადა „აიპრესთან“ ლაშა გეგეჭკორმა.

რატომ დაემუქრა საჯარო მოხელე, თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი „თავისუფალი დემოკრატებოს“ წევრს ლაშა გეგეჭკორს, ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა. 

"სისულელეა ეს ყველაფერი. ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“-განაცხადა ზურაბიშვილმა.