"2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა მოცემული საკითხის გადაჭრის ინიციატივით, ვინაიდან 50 წელზე მეტია, რაც სახელმწიფოს მიერ კონსერვატორიის როიალების ფონდი არ განახლებულა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კომპანია სტეინვეისთან მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომელსაც სათავეში მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე ჩაუდგა. მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი ქართველ-ამერიკელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა, ცნობილმა ხელოვანმა, გიორგი ლაცომ.
2022 წლის 14 სექტემბერს, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლისაგან, „სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS), მიიღო როიალების პირველი ნაწილი (9 ერთეული: 5 სამუშაო, 2 ნახევრადსაკონცერტო და 2 - კამერული ანსამბლისთვის), ხოლო 7 დეკემბერს - 8 ერთეული როიალი. ჯამში, სტეინვეის ფირმის 78 სხვადასხვა მოდელის როიალი ეტაპობრივად მიეწოდება კონსერვატორიას 2025 წლის ბოლომდე.
ამასთან, დადებული ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად, კომპანია იღებს ვალდებულებას, საქართველოში პერიოდულად კომპანიის ინჟინრები გამოაგზავნოს, რომლებიც, როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ, უფასოდ უზრუნველყოფენ ინსტრუმენტის გამართვას (აწყობა) და ტექნიკურ შემოწმებას. ისინი, ასევე, უფასოდ უზრუნველყოფენ ადგილობრივი სპეციალისტების (ამწყობი) მომზადება/გადამზადებას როგორც თბილისში, ისე ჰამბურგში. ცნობილია, რომ ამწყობის პროფესია, არაერთი წელია, საქართველოში დეფიციტს წარმოადგენს.
მოლაპარაკებების შედეგად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტროს მიერ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად, 2025 წლამდე, კონსერვატორიას გადაეცემა 78 როიალი, აქედან:
- 17 როიალი - 2022 წელს;
- 61 როიალი - 2023-2025 წლებში
ყოველწლიურად (კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და ოდენობის მიხედვით).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს როალებისთვის გამოიყო 1 753 000 ევრო, ხოლო სულ 2022-2025 წლებში - 8 012 636 ევრო.
თეა წულუკიანისა ანტონ ვილჰელმის სამუშაო შეხვედრისას გადაწყდა, რომ 2023 წელსკომპანია საქართველოსთვის წლიურ ლიმიტზე უფრო მეტ როიალს დაამზადებს და „სტეინვეისგან“ სახელმწიფო კონსერვატორია მიიღებს 40 ახალ როიალს, ნაცვლად 20-ისა.
მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი, სამწუხაროდ, აწუხებს არა მხოლოდ კონსერვატორიას, არამედ განსაკუთრებულად - სსიპ ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს (სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს), სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯს (1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელსა (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და სხვა სახელოვნებო სასწავლებლებს. 2021 წლის ოქტომბერში, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, სახელმწიფოს დახმარებით ინსტრუმენტების ბაზა განახლდა სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე.წ. ნიჭიერთა ათწლედში. კულტურის სამინისტრომ სასწავლებლისათვის შეიძინა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი STEINWAY & SONS (Essex Piano), ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნიჭიერთა ათწლედში“ ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.
აღსანისშნავია, რომ ნოემბერში კულტურის მინისტრი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, როიალების მწარმოებელ მსოფლიოში აღიარებულ კომპანიაში „სტეინვეი ენდ სანს “ (STEINWAY & SONS) იმყოფებოდა. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში კომპანიის პრეზიდენტს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორ ანტონ ვილჰელმს შეხვდა. აგრეთვე, თეა წულუკიანმა დაათვალიერა STEINWAY & SONS-ის როიალების საწარმო და ნახა საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს გამოიგზავნა.
დეკემბერში „სტეინვეი ენდ სანსის“ (STEINWAY & SONS) რეგიონული დირექტორი ანტონ ვილჰელმი, საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ეწვია. თეა წულუკიანთან ანტონ ვილჰელმის სამუშაო შეხვედრის დროს მიმდინარე თვეში საქართველოსთვის მუსიკალური ინსტრუმენტების ახალი პარტიის წარმატებულად მოწოდების საკითხი განიხილეს, თანამშრომლობის გამტკიცებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს; კერძოდ, გადაწყდა, რომ 2023 წელს კომპანია საქართველოსთვის წლიურ ლიმიტზე უფრო მეტ როიალს დაამზადებს და „სტეინვეისგან“ სახელმწიფო კონსერვატორია მიიღებს 40 ახალ როიალს, ნაცვლად 20-ისა." - ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავცელებულ განცხადებაში.