თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც 10 წლის წინ რუსებს თავისუფალი ვაჭრობისა და მათი მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნას ეხვეწებოდა, დღეს ხელისუფლებას რუსებთან გარიგებულებს ეძახის.

კონსტანტინე ზარნაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა, რომლებითაც რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნას და რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას მუდამ მიესალმებოდნენ.

„ამ ქვეყანას ომი და სისხლის ღვრა უახლოესი ისტორიის არცერთ ეტაპზე არ დაჰკლებია. ყველა პატარა ერი, რომელიც ფეხზე მყარად დგას, პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებს. რუსეთისთვის სანქციების დაწესება, პირველ რიგში, დაგვაზიანებს ჩვენ და დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, ეს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ძალიან კარგად ესმის. ჩვენ სწორი პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც. სწორი პოლიტიკით ამ ქვეყანას ავარიდებთ ომს და სწორი პოლიტიკით გავაგრძელებთ ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“,  -  განაცხადა კონსტანტინ ზარნაძემ.