ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ამჯერად, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 40-მდე პროექტი განიხილება.
„ავარიული სახლების ჩანაცვლება მტკივნეული საკითხია, რადგან ბევრი ასეთი შენობა გვაქვს. თბილისის მერია წლების განმავლობაში აღნიშნული შენობების გამაგრებას უზრუნველყოფდა, შედეგ კი დავიწყეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და ახალი კორპუსების აშენებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩა #18-ში მდებარე სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
„ეს მაღალი კატეგორიის ავარიული შენობაა. აქ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია, ყველანაირი კვლევა ჩატარებულია. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.