თბილისის განვითარების ფონდმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩის N18-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობა 10-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსით ჩანაცვლდა.

კალოუბნის ქუჩაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად იმყოფებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქ. N18-ში ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლითაც 29 ოჯახი დაკმაყოფილდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო სამსართულიანი გაუბედურებული, ცუდ მდგომარეობაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი ორი წლის წინ განვახორციელეთ. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აქ მცხოვრებ ოჯახებს თანამშრომლობისთვის. შედეგიც სახეზეა - ისინი დღეიდან ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გადაეცემათ გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული ფართები. 29 ოჯახიდან დღეს 12 ოჯახს გადავცემთ ფართებს. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრამდე დასრულდება და გარემონტებული ფართები დანარჩენებსაც გადაეცემათ.  

კიდევ ერთხელ მივმართავ თბილისელებს, მათ, რომლებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან, გამოიყენეთ ეს პროგრამა. ჩვენთან, გამგეობასთან თანამშრომლობით, გექნებათ შესაძლებლობა, ავარიული შენობა-ნაგებობა ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლდეს. მადლობა თბილისის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს. მადლობა სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ თანამშრომლობისთვის. მათი უშუალო ჩართულობოთ შედგა ეს წარმატებული პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი 2023 წელს განხორციელდა და მის ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 7 764 844 ლარი შეადგინა.