„დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნამდვილად არ იძლევა შეშფოთებისა და განგაშის  საბაბს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა შორენა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური გახდა სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსები, რაც ყოველწლიური, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, COVID-19-ის დროს არსებული რეგულაციების პირობებში, მივიწყებული იყო.  ახლა კი, როდესაც ის ნაკლებად აქტუალურია, კვლავ გააქტიურდა მაგალითად, რინოვირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური სეზონური ვირუსები.

„ტემპერატურა, მათ შორის მაღალი, თავისა და გელის ტკივილი, მშრალი ყველა, ცხვირიდან გამონადენი და ძლიერი ზოგადი სისუსტე - ეს ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომებია. მისი მსუბუქი და საშუალო სახეობები, მკურნალობის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებებს. ამ შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, ასაკისა და დოზების შესაბამისად“, -ამბობს შორენა კიწმარიშვილი.

ინფექციონისტის თქმით, ვირუსული ინფექციების მართვა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის ექიმების რეკომენდაციით, ბინაზე მკურნალობით:

„ამ ეტაპზე, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება და შესაძლებელია, ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით, ბინაზე გაგრძელდეს მკურნალობა. თუმცა, სიფრთხილე ნამდვილად უნდა გამოვიჩინოთ, მაგალითად, 0-დან 2 წლამდე ბავშვებში - უფრო მეტად რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ცირკულირებს, მისი გართულება კი ხშირია, პნევმონიის სახით. ამიტომ, მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, რომ ბავშვი ბინაზე იმართოს და ჰოსპიტალიზაციას, როგორც დიდების შემთხვევაში, მხოლოდ საჭიროებისას მიმართონ“.

შორენა კიწმარიშვილის თქმით, ხშირი მიმართვიანობის მიუხედავად, განგაშის საფუძველი არ არსებობს, თავად სეზონური ვირუსების ცირკულირება კი, 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ინფექციონისტი ამბობს, რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია სახლში დარჩენა. რაც შეეხება პრევენციას, ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო გზა ჰიგიენური ნორმების, ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა, ხალხმრავლობაში პირბადის გამოყენებაა და რაც მთავარია,  ვაქცინაცაა.